ნინო კაკულია
თსუ-ის პროფესორის, პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ლობჟანიძის ლექსმა კატარში პოეზიის კონკურსზე — „ნაზრა“ — გამარჯვებულად დასახელდა.
„კატარში არსებობს ასეთი მშვენიერი ორგანიზაცია „პოეზიის სახლი“, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს ხოლმე წლის განმავლობაში. მათ შორის: ამ ორგანიზაციის გვერდი ინსტაგრამზე ყოველი წლის სექტებერში ირჩევს რომელიმე ენასა და ქვეყანას და რაიმე დევიზით ატარებს ამ ქვეყნის თანამედროვე პოეტების ერთგვარ დათვალიერება-კონკურსს, ამ კონკურსის მონაწილე პოეტებს კი მომდევნო წელს ეპატიჟება დოჰას წიგნების გამოფენასა და ლიტერატურულ ფესტივალზე. დამიკავშირდნენ და მთხოვეს, არაბულად მეთარგმნა 10 თანამედროვე ქართველი პოეტის თითო ლექსი, ჩემი ლექსიანად. სექტემბრის დასაწყისში თავზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ვთარგმნე ეს ლექსები, რომლებიც, როგორც მითხრეს, ორენოვან ბროშურად გამოიცემა წიგნის გამოფენისათვის. ჩვენი კონკურსის დევიზი იყო: „ადამიანი – პოეზიისა და სიკეთის შუაგული“.
ბევრი ფუქრის შემდეგ ერთი ძალიან დიდი ხნის წინათ დაწერილი და გამოუქვეყნებელი ლექსი შევარჩიე, რომელიც თავის დროზე იმ მიზეზით არ გამოვაქვეყნე, რომ თავისი მძაფრი ორიენტალიზმების გამო, შესაძლოა, ქართველი მკითხველისათვის აღსაქმელად რთული ყოფილიყო. ამ შემთხვევაში კი სწორედ ეს ლექსი გამომადგა, რომლის არაბული თარგმანიც კონკურსის ორგანიზატორებს ისე მოეწონათ, რომ ერთი სიტყვაც კი არ შეუცვლიათ. მოკლედ, დიდ საქმეს დავადგი თავი. კატარში საქართველოს საელჩოს, განსაკუთრებით კი ქალბატონი ანა მარტინენკოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩემს თარგმანებზე მეტად ალბათ მისი დამსახურებაა, რომ ამხელა რეზონანსი ჰქონდა კატარში ამ ინიციატივაში ჩვენს მონაწილეობას. ახლა მომწერეს, რომ ამ კონკურსის გამარჯვებულად ჩემი ლექსი დასახელდა“, — აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე.