მოამზადა მაია ტორაძემ
ახლად გამოცემული წიგნი — ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა კავკასიაში“ (II ტომი) მე-19 საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
წიგნს აქვს მინაწერი, რომ „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ კავკასიის ქედის გადაღმა, განახორციელა 1820–1824 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა თბილისში“.
წიგნში აღმოსავლეთ საქართველო და თბილისია წარმოდგენილი, რომელშიც „გამბა საგანგებოდ ეხება თბილისის სტრატეგიული ადგილმდებარეობის უპირატესობებს და აღნიშნავს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში, რეგიონში ვაჭრობის ინტენსიფიკაციისა და მრეწველობის განვითარების შედეგად, იგი გახდება ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და ევროპასა და აზიას შორის საკვანძო პუნქტი“.
წინასიტყვაობაში, რომელიც თხზულებას უძღვის, ნათქვამია, რომ ნაშრომში წარმოდგენილია არანაკლებ მნიშვნელოვანი ცნობები როგორც ქართველების, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენელთა (მათ შორის — გერმანელი კოლონისტების) შესახებ; ამასთანავე, თხზულება შეიცავს უაღრესად საინტერესო მასალებს კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობაზე (ოსები, ინგუშები, დაღესტნელები და სხვ.), კავკასიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველი აქვე გაეცნობა ავტორისეულ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს სტრატეგიული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიც იყო აღნიშნულ ეპოქაში ბაქო, ასტრახანი, ვლადიკავკაზი, დერბენდი და სხვ.“
წიგნი თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გამოიცა. იგი ფრანგულიდან თარგმნა მზია მგალობლიშვილმა.