გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,
ისტორიის დოქტორი ჯაბა სამუშია
ესაუბრა მაია ტორაძე
- როგორია თბილისი პანდემიის პირობებში — ისტორიას როგორი დარჩება საქართველოს დედაქალაქი?
– კორონავირუსის გავრცელებამ საზოგადოებას აჩვენა, რა მძიმეა პანდემიასთან ბრძოლა. ძლიერ, სუპერ სახელმწიფოებს უჭირთ ამ პრობლემასთან გამკლავება. მთავარი ამ მომენტში თვითორგანიზებულობა და რეკომენდაციების დაცვაა. რა თქმა უნდა, ძნელი სანახავია დაცარიელებული ქუჩები, გაჩერებული აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ერთ-ერთი დაცვის საშუალება სწორედ სოციალური დისტანციაა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იგივე მოთხოვნები იყო პანდემიების დროს საუკუნეების წინაც.
1346-1348 წლებში საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ჩვენი ქვეყანა, მართლაც, პანდემიის ცენტრში აღმოჩნდა. მაშინაც სწორედ საზოგადოების ორგანიზებულობით მოხერხდა მსხვერპლი მინიმუმი ყოფილიყო. სვანეთში სეტის, ლაღამისა და ლაჰილის თემებისთვის შედგენილი საბუთებიდან იკვეთება, რომ ჟამიანობა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსულა. თემს ერთობით გადაუწყვეტია, რომ მკაცრი ღონისძიებისთვის მიემართა და ჩრდილო კავკასიაში გადასვლა ან იქიდან გადმოსვლა აეკრძალა. დამრღვევისთვის ჯარიმას აწესებდნენ 200 თეთრის ოდენობით.
თვითიზოლაცია – თანამედროვე ტერმინი კი არის, მაგრამ შინაარსობრივად რასაც ვგულისხმობთ, იგივეს აკეთებდნენ შუა საუკუნეებშიც. მაგალითად, გავიხსენოთ „დეკამერონი,“ რომელიც 1350-1353 წწ. იწერებოდა, სწორედ მაშინ, როცა იტალიასა და, ზოგადად, ევროპაში მძვინვარებდა „შავი სიკვდილი“. ბოკაჩოს გმირები ფლორენციიდან გარბიან შავი ჭირის გამო და ქალაქგარეთ ვილაში ემალებიან მომაკვდინებელ სენს. რეალურად ეს არის თვითიზოლაცია.
XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში ასევე გავრცელებული იყო „შავი ჭირის“ ეპიდემია. მხოლოდ ხელისუფლების სწორი მოქმედების წყალობით მოხერხდა სხვადასხვა კერების სწრაფი ჩაქრობა. ეს პატარა ისტორიული ექსკურსი იმიტომ მოვიტანეთ, რომ ვაჩვენოთ, როდესაც მოსახლეობა გაგებით ეკიდება შეზღუდვებს, ფიქრობს საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე, პანდემია ადვილი დასამარცხებელია. ბევრი საქართველოშიც და მის გარეთაც ქილიკობდა ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ შედეგმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება გაუმკლავდა ამ გამოწვევას.
– დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად გაითავისა ქართულმა საზოგადოებამ სოლიდარობის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა?
– ბევრს ეგონა, რომ დღევანდელ ქართველობას კრიტიკულ სიტუაციაში ზერელე დამოკიდებულება ექნებოდა პრობლემისადმი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორგანიზებულობა, სოლიდარობა, კანონისა და დადგენილი წესების დაცვა, სხვა დაწინაურებული ქვეყნების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია. სულ მახსენდება მთაში დაცული ერთი გადმოცემა. შატილიდან 4 კილომეტრში მდ. არდოთისა და არგუნის შესართავთან, მაღალ კლდეზე მდებარეობს მკვდარი ქალაქი – ანატორი. ძველი თქმულებით, როდესაც პირიქითა ხევსურეთში მძვინვარებდა ეპიდემია, გარდაცვლილთათვის საგანგებოდ აუგიათ აკლდამები. გადმოცემით, ანატორის აკლდამების სიახლოვეს ცალკე იყო ნაგებობა, სადაც შავი ჭირისგან დაავადებულნი თავისი ფეხით მიდიოდნენ, ჯანმრთელ მოსახლეობას რომ განრიდებოდნენ. ეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.
როგორც ვხედავთ, ის, რაც დღეს ხდება, მაღალი თვითშეგნების გამოვლენაა და ამ ყველაფრის ფესვები ჩვენს ისტორიაშია. არაორგანიზებული ერი ვერასდროს შექმნის სახელმწიფოს, კულტურას, სოციალურ სისტემას – მოკლედ, თავის ლოკალურ ცივილიზაციას. ჩვენ კი ეს ყოველივე ათასწლეულის წინ ჩამოვაყალიბეთ. XIX-XX საუკუნეებში სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ შეგვიცვალა წესი და ნირი, დღეს კი ქართველობა თავის ძველ სახეს იბრუნებს — მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურის ერისას.
– სამეცნიერო ფონდში როგორ საქმიანობთ ამ ახალ რეალობაში? რა პრიორიტეტები იკვეთება?
– რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩვეული რეჟიმით აგრძელებს საქმიანობას. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტის, სოციალური ქსელის მეშვეობით, დისტანციურად ვაწარმოოთ საქმიანობა. მარტო მაისში ფონდმა განახორციელა ათზე მეტი ღონისძიება, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. მათ შორის ორი იყო სამეცნიერო კონფერენცია. რა თქმა უნდა, პანდემიით გამოწვეული რელობა გვაიძულებს გეგმების კორექტირებას, მაგრამ ეს დროებითია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღევანდელობის გამოძახილია და დიდ ყურადღებას ითხოვს, არის ის, თუ რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება საზოგადოება პოსტპანდემიურ პერიოდში. სამეცნიერო მრგვალი მაგიდა, რომელიც რუსთაველის ფონდმა ჩაატარა, მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამეცნიერო დარგის (მედიკოსების, ბიოლოგების, იურისტების, ეკონომისტების, სოციოლოგების, ფსიქოლოგების, პედაგოგიკის, მედიის და სხვა) სპეციალისტების ჩართულობით იმ ძირითადი მიმართულებების და თემების განსაზღვრას, რომელზეც საჭიროა დროულად დავიწყოთ მუშაობა, რათა ჩვენმა საზოგადოებამ მოკლე დროში დაძლიოს პოსტპანდემიური სირთულეები.
– რას საქმიანობთ სახლში — თქვენი ახალი დღის წესრიგი როგორია?
– ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ იძულებითმა შეზღუდვებმა ბევრი დრო გააჩინა სამეცნიერო პროექტებისთვის. თქვენ იცით, რომ დავით III დიდი კურაპალატის შესახებ საქართველოში ცალკე მონოგრაფია არ არსებობდა. ორთვიანი „კარანტინის“ პერიოდში შევძელი დამესრულებინა წიგნი დავით კურაპალატზე. ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი ახალ გამოცემას. არის რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელზეც ფიქრის დრო ნამდვილად გვქონდა „სახლში ყოფნის“ პერიოდში. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ქართული საზოგადოება მიიღებს კიდევ ერთ, ახალ მასშტაბურ პროექტს.