Program title: German philology
Awarded qualification/degree: Bachelor in Philology
Program is carried out by Institute of Western European Languages and Literature
Program coordinator: Professor Lali Qetsba-khundadze
The language of instruction: Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა კომპლექსურად შეასწავლის გერმანულ ენას და ლიტერატურას (ლიტერატურულ ტექსტებს დაწყებული ძველი პერიოდიდან უახლესი პერიოდის ჩათვლით). ასევე გერმანულ საენათმეცნიერო, თეორიულ დისციპლინებს თანმდევი პრაქტიკული სემინარებით უმეტესწილად გერმანულ ენაზე: გერმანული ენის გრამატიკის საფუძვლებს, გერმანული ენის ისტორიას, ლექსიკოლოგიას, სტილისტიკასა და ტექსტის ლინგვისტიკას ისევე როგორც ლიტერატურათმცოდნეობის დისციპლინებს: დაწყებული შესავალი კურსით გერმანულ მედიევისტიკაში და ლიტერატურათმცოდნეობის ძველი და ახალი პერიოდებით და დამთავრებული უახლესი ლიტერატურის ისტორიით. პროგრამის მიზანია, გერმანული ფილოლოგიის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე, მოამზადოს გერმანისტი, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის შრომით დასაქმებას.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც, დღიდან დაარსებისა, ფილოლოგია ზოგადად და კერძოდ, გერმანული ფილოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი იყო. ის, რომ გერმანიასთან ტრადიციულად არსებობდა ისტორიული ურთიერთობა და გარკვეულწილად გერმანოფილიაც კი (დაწყებული საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკით და დამთავრებული თანამედროვე ურთიერთობებით; თუნდაც გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის მოღვაწეობას და აქტიურ მხარდაჭერას თუ გავითვალისწინებთ ქართველ მეცნიერთათვის ყველა დარგში) ბუნებრივად ითხოვს ჩვენი ქვეყნისგან გერმანულ ენასთან და გერმანიასთან მის კულტურასთან დაკავშირებულ სათანადო პრობლემატიკისა და ცოდნის ფლობას, რომელიც გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს – ქართული გერმანისტიკის ფუძემდებლებს (ირაკლი ტატიშვილი, ოთარ ჯინორია, ნოდარ კაკაბაძე, რეზო ყარალაშვილი) კარგად ჰქონდათ გააზრებული.
მოცემული საბაკალავრო პროგრამა იცნობს და ითვალისწინებს ზოგადად სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და გამოცდილებას გერმანული ფილოლოგიის დარგში, რადგან გერმანული ენა არის ერთერთი მნიშვნელოვანი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ, რომლისკენაც სწრაფვა სხვა ფაქტორებს შორის აგრეთვე განპირობებულია გერმანიისა და გერმანულენოვანი ქვეყნების პოტენციალით და როლით საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
ამრიგად, საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს დარგობრივი (ზოგადფილოლოგიური) და კონკრეტული (გერმანული ფილოლოგიის) საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებას და განვითარებას; ის უქმნის სტუდენტს გერმანული ფილოლოგიის დარგის, ერთი მხრივ, პრაქტიკაზე და, მეორე მხრივ, მეცნიერებაზე ორიენტირებულ საფუძვლებს, რაც გულისხმობს როგორც დარგის მეთოდოლოგიურ კომპეტენციებს ასევე პრაქტიკულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა მოხდეს მისი მიზანმიმართული მომზადება სწავლის გაგრძელებისთვის შემდგომ (სამაგისტრო) დონეზე და/ან დასაქმების სხვადასხვა სფეროებისთვის საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე პირობებში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ გერმანულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B2+ დონეზე; სტუდენტმა იცის გერმანული ენის მორფოლოგიური და სინტაქსური წყობის თავისებურები, ასევე ენის დიაქრონიული განვითარების ძირითადი ეტაპები და თავისებურებები; აქვს გერმანული ენის ლექსიკური მარაგის, სემანტიკური თავისებურებების ცოდნა; ფლობს ტექტის კვლევის თეორიებსა და ანალიზის მეთოდებს. იცის გერმანული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი ეტაპები და ავტორები. ბაკალავრმა ასევე იცის ერთ-ერთი ევროპული ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (გერმანულის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების გერმანულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მათ შორის სამეცნიერო ტიპის) რეფერირება, კომენტირება და ანოტირება; აქვს ტერმინოლოგიური ეკვივალენტებისა და მთარგმნელობითი შესატყვისობების მოძებნის უნარი; ასევე შეუძლია კონკრეტული, ვიწროდარგობლივი მონაცემების გააზრება როგორც ლინგვისტური, ისე ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის მონაცემების გათვალისწინებით; აქვს ლინგვისტური და ლიტერატურული პროცესების ელემენტარული შეფასებისა უნარი ისტორიულ კონტექსტში, ფლობს ლიტერატურული ტექსტების ანალიზისა და ინტერპრეტაციის სხვადასხვა მეთოდს.
დასკვნის უნარი: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს გერმანული ფილოლოგიის სფეროში არგუმენტირების, კრიტიკული შეფასებისა და ანალიტიკური უნარი, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; შეუძლია დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა, ასევე ამ ინფორმაციის დამუშავება მიღებული მეთოდების გამოყენებით. აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის, მოვლენების შედარების, განსხვავებებისა და ზოგადი მახასიათებლების დადგენის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, მოცემულ სიტუაციაში ადაპტირებისა და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ფლობს გერმანულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურას; აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის (გერმანულის) საკომუნიკაციო ფუნქციით ეფექტურად და მოქნილად გამოყენების უნარი, მათ შორის გერმანული ენის მატარებლებთან, აქვს პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით დისკუსიებში ჩართვის, ტექსტით მანიპულირების უნარი, ასევე შეუძლია აწარმოოს ინტერაქცია გერმანულ ენაზე მათ შორის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტიდან. კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან, მათ შორის ინტერნეტის და სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. აქვს ჯგუფური მუშაობის, დისკუსიაში მონაწილეობის, პროფესიული კამათის უნარ-ჩვევები.
სწავლის უნარი: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. საკუთარ თავზე მუშაობის და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში სრულყოფის უნარი, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ახალი მედიალური ფორმების, ტექნიკური საშუალებების თვალსაჩინოების მიზნით გამოყენება. მას შეუძლია შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელება ან /და ადაპტაცია შრომითი ბაზრის გარემოსთან.
ღირებულებები: გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; აქვს ტოლერანტული დამოკიდებულება, პატივს სცემს განსხვავებულ კონფესიებს, კულტურებსა და აზრს, ასევე დემოკრატიულ ფასეულობებს; გამომუშავებული აქვს სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა; იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს, აკადემიურ პატიოსნებასა და სტანდარტებს; ფლობს ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას.
დასაქმების სფეროები
მიღებული დარგობრივი ცოდნით, მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარით და ზოგად ტრანსფერული უნარებით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ფილოლოგიის ბაკალავრი მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი გერმანული ფილოლოგიის დარგში სათარჯიმნო, საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის.