Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

STEM კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისთვის თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ STEM კონფერენციაზე 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარმოადგინა. მოსწავლეებმა საკუთარი გამოგონებების წარდგენასთან ერთად, ერთმანეთს გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება და მოუსმინეს სფეროს ექსპერტებს.

 

კონფერენციას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სტუ რექტორი დავით გურგენიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„თსუ-მ უმასპინძლა მოსწავლე-გამომგონებელთა კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ესენი არიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ სკოლის მერხიდან საკუთარი წვლილი შეიტანონ მეცნიერების განვითარებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, რადგან მეცნიერება სწორედ სკოლის მერხიდან იწყება,- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

2022 – 2023 სასწავლო წელს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის STEAM ექსპერტების მიერ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეგზავნათ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შესაბამისად მომზადებული STEAM პროექტები. პროექტებზე მუშაობის სურვილი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულმა სკოლამ გამოთქვა, რისთვისაც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის STEAM ექსპერტების მიერ დაიგეგმა და ჩატარდა კონსულტაციები, პროექტების შესაბამისად.

 

კონსულტაციებს ესწრებოდნენ STEAM საგნების მასწავლებლები, რომლებიც სამუშაო შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას პროექტის შესახებ უზიარებდნენ საკუთარ მოსწავლეებს და მათთან ერთად მუშაობდნენ შერჩეულ პროექტებზე.

 

საკუთარი ასაკისთვის ძალიან ბევრი სიახლე წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა. STEM-ის განვითარება პირდაპირ აკავშირებს მოსწავლეებს შრომის ბაზართან. ეს არის მათი წარმატების საწინდარი მომავალ ცხოვრებში.

 

STEAM - არის აბრევიატურა, რომელიც აერთიანებს შემდეგ სფეროებს: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა. STEAM პროექტი სწორედ ამ სფეროების გამოყენებით შექმნილი პროდუქტია, რომელსაც ცხოვრებისეული, პრაქტიკული დანიშნულება აქვს. შესაბამისად, მოსწავლეები STEAM პროექტების განხორციელებასთან ერთად ეუფლებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. STEAM განათლება ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება დასავლეთის ქვეყნებში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. უკანასკნელ წლებში საქართველოში რამდენიმე კერძო და საჯარო ორგანიზაცია ცდილობს სკოლებში STEAM კლუბების შექმნას, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონფერენციის მიზანია: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში STEAM პროექტების სასწავლო პროცესში ინტეგრირება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM საგნების ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია.

 

 სკოლებში STEAM საგნების ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლება და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად STEAM პროექტების სასწავლო პროცესში ინტეგრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.