უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები, მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა, დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია, ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა - ამ თემების განსახილველად და სამეცნიერო სიახლეების გასაზიარებლად შეიკრიბნენ ქართველ მეცნიერებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევრები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.
მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105-ე წლისთავის და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების 55-ე წლისთავს ეძღვნება. თსუ-ში შეკრებილ მეცნიერებს თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოსა და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული სამეცნიერო და, ასევე, პირადი კავშირების შენარჩუნებას, გაფართოებას და გაღრმავებას, საშუალებას აძლევს მათ უშუალოდ გააცნონ ერთმანეთს საკუთარი სამეცნიერო ინტერესები, გაუღვივონ და გაუფართოონ ამგვარი ინტერესები საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევრებს. ყოველივე ამის შედეგად კი იზრდება ჩვენი ქვეყნის მათემატიკოსების საერთაშორისო ცნობადობა.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპატიო დიპლომი გადაეცა რუმინეთის აკადემიის სიმონ სტოილოუს მათემატიკის ინსტიტუტისგან.
საერთაშორისო კონფერენციების ამ სერიას საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს. წლევანდელი კონფერენცია სამი დღის განმავლობაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.