ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ვარძიაში გაიხსნა ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
ვარძიის კონფერენციის მნიშვნელობა განისაზღვრება უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების, შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაზიარებით. ქართველ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების და სხვა ქვეყნების კვლევების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაო ენა პირველივე წლიდან ინგლისურია, რაც მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვას უწყობს ხელს.
კონფერენცია გახნა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა, რომელიც კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორია. დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი უკვე 16 წელია მასპინძლობს ამ კონფერენციას. საკონფერენციო დარბაზი „თამარის დარბაზი“ - უშუალოდ კომპლექსის ერთ-ერთ გამოქვაბულშია განთავსებული, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულობას ანიჭებს.
საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, პიზას, იენას უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები. აგრეთვე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს როგორც ქართველმა ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებმა.