Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„გისისა და დისტანციური ზონდირების აპლიკაციები მიწათსარგებლობის ანალიზში-თეორიიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მეცნიერების ინიციატივით სამუშაო შეხვედრა „გისისა და დისტანციური ზონდირების აპლიკაციები მიწათსარგებლობის ანალიზში-თეორიიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე“ ჩატარდა.

 

შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მიერ დაფინანსებული პროექტის  „დისტანციური ზონდირების გამოყენებით გარემოს კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომისა და თბილისის მაგალითებზე“  ფარგლებში გაიმართა. იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს დოქტორი ლორენცა ფიუმი  და დარიო გალო წარმოადგენდნენ.

 

აღნიშნული პროექტი 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და ძირითადად თანამგზავრული სურათების დამუშავების მეთოდოლოგიურ ასპექტებში გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი პროექტის საბოლოო შედეგების წარდგენის პარალელურად, აუდიტორიისთვის თანამგზავრული სურათების დამუშავების პრაქტიკული მაგალითების გაზიარება იყო. ასევე არსებული გამოცდილების გაზიარება დისტანციური ზონდირების მიმართულებით მოღვაწე კვლევითი ორგანიზაციებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის.

 

შეხვედრა ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და გეოგრაფიის მიმართულების აკადემიური პერსონალი, გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალისტები ილიას უნივერსიტეტიდან და თავდაცვის სამინისტროდან.

 

შეხვედრაზე დისტანციური ზონდირების ზოგადი თეორიული ნაწილის გარდა, დიდი ყურადღება დაეთმო მიმდინარე პრაქტიკულ კვლევებსაც, ისეთი როგორიცაა მიწათსარგებლობის ცვლილებების შეფასება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ბოლო 30 წლის მანძილზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისტანციური ზონდირების აპლიკაციების გამოყენებას აგრარული კუთხით, მათ შორის სასოფლო სამეურნეო კულტურების დარუკების საქმეში.

 

სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადაწყვეტაში დისტანციურ ზონდირებას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს. აქცენტი გაკეთდა სათანადო კადრების მომზადების აუცილებლობაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული თემატიკა მომავალში გაგრძელდება და შედარებით მასშტაბური სახით წარსდგება მომხმარებლის (გარემოს ეროვნული სააგენტო, მიწის სააგენტო და სხვა) წინაშე.