თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური გუნდი მონაწილეობს საქართველოს არქეოლოგიურ მისიაში, რომელიც იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ქართული კულტურული მნიშვნელოვან ძეგლს - შეჰანის მონასტრს იკვლევს. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გაეცნო თსუ-ის არქეოლოგების მიერ შესრულებულ კვლევებს.
შეჰანის მონასტერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მისიას ხელმძღვანელობს თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. მკვლევართა გუნდის შემადგენლობაში არიან თსუ-ის მეცნიერები და სტუდენტები (ბ. გელაშვილი -ხელმძღვანელის მოადგილე, ს. კოხრეიძე ,ზ. გიორგაძე, ს. ბუგიანიშვილი,ა. ნადირაშვილი, ი. ზუკაკიშვილი, ნ. შარაშენიძე, ლ. გოგალაძე, დ. გოგიშვილი, ვ. ჩიტაია).
მონასტრის არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. პირველივე სეზონზე ქართული არქეოლოგიური მისიის მიერ აღმოჩენილმა ქართულმა წარწერამ — „შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“ — საბოლოოდ დაადასტურა ისტორიულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ტრანსიორდანიაში არსებული, აქამდე უცნობი ქართული ქრისტიანული სავანის შესახებ.
შეჰანის მონასტერი და მისი ხელნაწერები დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ. მონასტერზე ყურადღება პირველად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ქართველმა მკვლევრებმა, მათ შორის ელენე მეტრეველმა გაამახვილა. მისი კვლევებით გაირკვა, რომ გაბრიელ თბილელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერი, 1061 წლისთვის უკვე „შეჰანის მამად“ იწოდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მონასტერი სწორედ ამ დროისთვის იყო გაშენებული და იქ მოქმედებდა ქართველთა ძმობა. დროთა განმავლობაში შეჰანის მონასტერი მნიშვნელოვან სკრიპტორიუმად და სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბდა. ცნობილია ასევე, რომ გიორგი-პროხორეცი, ჯვრის მონასტრის აღმშენებელი, სავარაუდოდ 1066 წელს გადავიდა შეჰანის უდაბნოში და იქვე აღესრულა. XIII საუკუნის შემდეგ მონასტერი წყაროებში აღარ იხსენიება.
თსუ არქეოლოგების მიმდინარე აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის როლს ქართული მეცნიერების განვითარებაში და ქვეყნებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაში.