Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას შეხვედრა ვატოპედის მონასტრის სტიპენდიატებთან

თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია  უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

 

თსუ რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა ათონის წმინდა მთაზე ქართული მონასტრისა და ქართველი ბერების მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, გაიხსენა მამა ეფრემის სტუმრობა თსუ-ში და შეხვედრები, სადაც ისაუბრა სულიერებაზე თანამედროვე ეპოქაში, ახალგაზრდების სულიერ განვითარებაზე. თსუ სტუდენტებთან შეხვედრაზე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელ 10 სტუდენტს ერთი წლით სტიპენდიას დაუნიშნავდა.

 

,,ეს არის ძალიან დიდი და კეთილი საქმე, რომელსაც ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, მამა ეფრემი უკვე რამდენიმე წელია აკეთებს.  ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ დიდ მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას, რომელიც მამა ეფრემს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ აქვს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა 10 ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, რომელიც ამავდროულად მრავალშვილიანი ოჯახის შვილია.

 

სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გედევან გელბახიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ვატოპედის მონასტერს შორის თანამშრომლობის პროცესში. მან სტუდენტებს მიულოცა სტიპენდიის მიღება, წარმატება უსურვა და   შესთავაზა სამომავლო თანამშრომლობა.