Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი - შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

21 ქართველი სტუდენტი ხელმძღვანელებთან ერთად 6 კვირის განმავლობაში სტაჟირებას გერმანულ კვლევით დაწესებულებებში გაივლის. ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტები ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეარჩია, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს თემატურ ლექციებში   საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში.

 

„პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან  წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს  აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც ჰქვია სტაჟირება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში.  საკმაოდ საინტერესოა ის თემები, რომელიც წელს ლექციებზე განიხილებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ე.წ. ტვინების გადინება საქართველოდან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში პოსტ დოქტორალური სივრცე გავაძლიეროთ,“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ, თსუ).  თანამშრომლობა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეომეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA).

 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ცენტრის კონცეფციის ავტორის, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის ჰანს შტროერის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კონსორციუმის გაფართოებასა და მასში მეტი ქართული უნივერსიტეტის ჩართვაზე. „ამ ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ისიც არის, რომ ქართველი სტუდენტები გერმანიაში სწავლის პარალელურად ჩართულები არიან კვლევებში. ეს არის ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება,  რომელსაც სტუდენტები საქართველოში ჩამოიტანენ და რომელიც ემსახურება ცოდნის გადაცემას,“- განაცხადა ჰანს შტროერმა.

 

ხუთი დღის განმავლობაში “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის” (GGSB) კონცეფციის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრუნი, ქსუ) სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექციების კურსი. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები და გაეკეთებინათ მოკლე მოხსენებები რომელიმე სამეცნიერო აქტივობაზე, შესაძლებელი იყო, რომ მოხსენების თემა საბაკალავრო ან სამაგისტრო თემის ირგვლივ ყოფილიყო, რომელიც უკვე შესრულებულია ან იგეგმება. ასევე, გაიმართა პოსტერების სესია.

 

2013 და 2015 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ქართველი სტუდენტებისათვის, ე.წ. "შემოდგომის ლექციები", რომელიც 2017 და 2019 წლებში გაგრძელდა იულიხის კვლევით ცენტრში (FZJ)  ახალი ფორმატით (ე.წ. "QUALI-Start-Up Lectures"), რომელშიც FZJ ინსტიტუტების (IEK, IKP, INM, ZEA, PGI) წამყვანმა მეცნიერებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები წინასწარ შერჩეული ქართველი სტუდენტებისათვის (AUG, ISU, GTU, TSU). მოხსენებების თემები იყო ფუნდამენტური მეცნიერების სფეროებიდან და მოიცავდა ლექციების კურსს ექსპერიმენტულ და თეორიულ ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, სიცოცხლის შემსწავლელ და საინჟინრო მეცნიერებებში. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამ ღონისძიებების გარდა ქართულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში ტარდებოდა ტრადიციული "ვორქშოფები და საზაფხულო სკოლები" (ე.წ. GGSWHP), რომლებიც 2004 წელს დაიწყო და პანდემიის გამო (2019-2021 წწ.) შეფერხებების შემდეგ 2022 წელს კვლავ განახლდა.