Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ონლაინ მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

 

ა/წ 26-29 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან (MAG) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება მედიაციის 35-საათიანი ონლიან ტრენინგი საქართველოს 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური გუნდებისთვის, რომელსაც წარმართავს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - ნათია ჩიტაშვილი. 3-5 აპრილს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ მედიაციის ეროვნული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 45 სტუდენტი, 8 მწვრთნელი და 20 მსაჯი, რომლებიც შეაფასებენ სტუდენტების ასპარეზობას ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში ასპარეზობას გასწევენ შემდეგი უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები: თბილისის ღია უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმიწიფო უნივერსიტეტი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

 

26 მარტს ღონისძიება გახსნეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა. 

 

მედიატორის პროფესიის მაღალი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციის საპასუხოდ, მედიაციის ეროვნული შეჯიბრით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლდა 2012 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,მართლსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა“ და  ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) მხარდაჭერით შექმნილი აკადემიური ტრადიცია მედიაციაში წარმომადგენლობის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის ორგანიზებისა. კონკურსის მიზანმა მოიცვა არა მხოლოდ მედიაციაში წარმომადგენლობის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება უსდ-ის სტუდენტებისათვის, არამედ მედიატორის, როგორც ახალი პროფესიის წარმომადგენელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ამრიგად, შეჯიბრის მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორისა და ადვოკატი-წარმომადგენლის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

 

ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები, გამარჯვებულებისთვის შეთავაზებული იქნება 14 სპეციალური ნომინაცია, წიგნადი პრიზები და სტაჟირება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში.