Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სასტიპენდიო კონკურსების გამარჯვებულები

მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ადვოკატ, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის მხარდაჭერით, მისი და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადდა ორი სასტიპენდიო კონკურსი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ ― იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის და „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ ― იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. 

 

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აქტიური სტატუსის მქონე, მე-3 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებმა, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3.5-ს შეადგენს. კონკურსში მონაწილე სტუდენტთა აკადემიური მოსწრების, განხორციელებული აკადემიური თუ სამეცნიერო აქტივობებისა და სამოტივაციო წერილების შეფასების შედეგად, შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართა გასაუბრება. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით „ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ მიენიჭა სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ― კალენიკე ურიდიას, ხოლო „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ ― საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ― გვანცა დოლბაიას.

28 დეკემბერს გაიმართა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრები (ძირითადად იურიდიული ლიტერატურა) და დაენიშნათ შესაბამისი სტიპენდია.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სახელით დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ მადლობა გადაუხდა ბატონ ირაკლის სასტიპენდიო კონკურსის ისევე, როგორც ა/წ 25-26 დეკემბერს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული საახალწლო ბაზრობის მხარდაჭერის გამო.