Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები და სპორტსმენები უკრაინის დასახმარებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ უკრაინელი ხალხისთვის თსუ სტუდენტების მიერ გამართულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას შეუერთდა. გუნდის წევრებმა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მიიტანეს. თსუ-დან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი, საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით, უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ჰუმანიტარული დახმარების აქციასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულია ბანერი უკრაინის დროშის ფერებში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გაკეთება.

თსუ კალათბურთის ნაკრების კაპიტნის გიორგი ცინცაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი უკრაინის გვერდით დგას. „დღეს ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის შევიკრიბეთ. მოვიტანეთ საკვები, ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭიროების ნივთი. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი მალე და, რაც მთავარია, მშვიდობიანად დასრულდეს უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების აქციაში, თსუ საკალათბურთო გუნდის ამერიკელი მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ. თსუ კალათბურთელის ლოველ ქაბილის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. „მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ აქ, რათა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ და ამ ძალიან კარგ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ნებისმიერი სახის დახმარება უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სხვა სპორტული გუნდებიც შემოგვიერთდებიან,“ - აღნიშნა ლობელ ქაბილიმ.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გასულ კვირას დაიწყო. „მთელი სტუდენტური საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული ვართ პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.  მინდა უკრაინელ სტუდენტებსა და ჩვენს მოძმე ერს ვუთხრა - ჩვენ ქართველები თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა ბექა იმედაშვილმა.

ამასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და, ამავე დროს,  2021-2022 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია.

აგრეთვე, ყველა იმ უკრაინელ სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრა სამშობლოში, თსუ უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.   

საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ.

ასევე, თსუ სთავაზობს უკრაინის ყველა მოქალაქეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელსაც უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.