Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდენტების მნიშვნელოვანი წარმატებები

 

2021-2022  აკადემიური წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა  განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მონაწილეობისას. გამარჯვებული გუნდების შერჩევისა და დაკომპლექტების  პროცესს, კონკურსის საფუძველზე,  თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერათშორისო სამართლის ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი უძღვებოდა.

„ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტისა და კერძოდ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საერთო ძალისხმევის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ თსუ გუნდები სისტემატურად იკავებენ საპრიზო ადგილებს ან სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებენ, 2021-2022 წელს გუნდებმა განსაკუთრებულად წარმატებული შედეგები აჩვენეს. ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო, გუნდების თითოეული წევრისა და მათი მწვრთნელების მიმართ, დაუღალავი შრომისა და  პროფესიონალიზმისათვის,“ -  ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ირინე ქურდაძე აღნიშნავს.

„ამგვარი მაღალრეპუტაციული მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო შეჯიბრებები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ პრაქტიკული უნარები იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც მათ უნივერსიტეტის ფარგლებში შეიძინეს. ჩვენ მუდმივად ვუწყობთ ხელს სტუდენტებს, რათა შესძლონ თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება“,- ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია.

თსუ-ს გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს შემდეგ საერთაშორისო შეჯიბრებებში: ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition),  ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (Telders International Law Moot Court Competition),   ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის  იმიტირებული პროცესი  (Nuremberg Moot Court).

ჯესაპი: თსუ-ის გუნდმა დიდი წარმატებით დაასრულა ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო ჩემპიონატის 2022 წლის საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: გვანცა დოლბაია, შალვა ქიტესაშვილი, ვახტანგ ქაჩიბაია, თამარ ვარდიაშვილი და ანა მუხაშვილი; გუნდს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, თამარ რუსეიშვილი.

მთელი მსოფლიოდან მონაწილე 160 გუნდიდან, თსუ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდთა შორის მოხვდა და შემდგომ, წარმატებულად იასპარეზა საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპზე (advanced rounds) აშშ-ის, დანიის, ინდოეთის, სინგაპურისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ; ამასთან, გუნდის წევრი ვახტანგ ქაჩიბაია საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპის საუკეთესო მომხსენებელთა სიაშია, ხოლო გუნდი წერილობითი პოზიციის კომბინირებული ქულით საერთაშორისო რაუნდების რეიტინგის TOP 10 გუნდს შორის არის, ისეთ უნივერსიტეტებთან ერთად, როგორებიც არის ჰარვარდის, მელბურნისა და სინგაპურის უნივერსიტეტები, და გუნდმა მიიღო ‘Alona E. Evans Award for Best Memorials at the White & Case International Rounds’. აღსანიშნავია, რომ წერილობით პოზიციებში, ამგვარი შედეგი საქართველოს გუნდების ისტორიაში უპრეცედენტოა.

ტელდერსი: თსუ-ს გუნდმა წარმატებით იასპარეზა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 45-ე საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს.  ამ წლის საქმე შეეხებოდა საერთაშორისო კოსმოსური სამართლის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანმხვედრ გამოწვევებს.

2021 წელს გუნდი დაკომპლექტდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით - ნინო თურმანიძე, ნინო ენუქიძე, ალექსანდრე პატარაია და მიხეილ ლაზგინიანი, გუნდის მწვრთნელი იყო - თსუ, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი თამთა ზაალიშვილი.

2022 წლის ივნისში გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რაუნდებში, სადაც  ავსტრიის, ნიდერლანდების სამეფოს, ირლანდიის და რუმინეთის გუნდების წინააღმდეგ გამოვიდა. საერთაშორისო რაუნდებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითი პოზიციის დოკუმენტმა (მემორიალი) საერთაშორისო რაუნდებში დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი, ხოლო განმცხადებლის ზეპირ გამოსვლებსა და წერილობით კომპონენტში მიღებული ჯამური შეფასებით, თსუ-ს გუნდი შევიდა შეჯიბრის საუკეთესო ათეულში და დაიკავა მე-6 ადგილი. გუნდმა  გამარჯვება მიუძღვნა აკადემიკოს ლევან ალექსიძის 96 წლის იუბილეს.

ნიურნბერგის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს უნივერსიტეტების გუნდები „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ ფორმატში განიხილავენ ჰიპოთეტური საქმის კომპლექსურ პროცედურულ და არსებით საკითხებს. თსუ-ის გუნდმა წარმატებით დაასრულა 2022 წლის ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე ასპარეზობა და ფინალურ ზეპირ რაუნდებში მონაწილე 45 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავა. წერილობითი პოზიციების კომბინირებული ქულით კი თსუ-ის გუნდი კონკურსში თავდაპირველად მონაწილე 105 გუნდს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ კაკაბაძე, სულიკო ჟღენტი, მარიამ კახიძე და თამარ გობეჯიშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა სამართლის დოქტორი, გიორგი ნაკაშიძე. სულიკო ჟღენტი და თამარ გობეჯიშვილი დასახელდნენ საუკეთესო მომხსენებლებად მეოთხედფინალისა და ნახევარ-ფინალის ეტაპებზე. ნიურნბერგის იმიტირებული პროცესი არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს უნივერსიტეტების გუნდები „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ ფორმატში განიხილავენ ჰიპოთეტური საქმის კომპლექსურ, პროცედურულ და არსებით საკითხებს. წლევანდელი საკითხები შეეხებოდა საქმის დასაშვებობის, გენოციდის დანაშაულის და მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხებს.

გუნდის ჩემპიონატებში მონაწილეობის ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.