თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე, საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის მონაწილეებთან გამართულ პირველ საჯარო ლექციაზე, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების 105 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
„თქვენ იმყოფებით კავკასიაში უძველეს ეროვნულ უნივერსიტეტში და შესაძლებლობა გვაქვს, ასე უშუალოდ ვისაუბროთ უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც თითოეული თქვენგანის ინტერესის სფეროში შედის. დაახლოებით თქვენი ასაკის ვიყავი, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მსმენელმა. აქ იყო ჩამოყალიბებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა“, სადაც სკოლის მოწაფეებს უკითხავდნენ საჯარო ლექციებს ცნობილი მეცნიერები, ძალიან ბევრი ისეთი ისტორიკოსი, რომელთა სახელითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ. აქედან დაიწყო ჩემი და უნივერსიტეტის ურთიერთობა. მიხარია, რომ ვხვდები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხვალ, დაიკავებენ სტუდენტის, ლექტორის, რექტორის ადგილს,“ - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ზამთრის სკოლის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს.
ზამთრის სკოლის ფარგლებში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ასევე ჩატარდება შეხვედრები, ექსკურსიები თსუ-ის პირველ კორპუსში. ეტაპობრივად გაიმართება საჯარო ლექციები: „საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობა და შესაძლებლობები“; „რა არის უნივერსიტეტი?" - თსუ პროფესორი დემურ ჯალაღონია; “უნივერსიტეტის ისტორია“ - ისტორიის დოქტორი დავით სართანია; „პირველი უნივერსიტეტის მნიშვნელობა” - თსუ პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე; „თანამედროვე უნივერსიტეტი”- თსუ პროფესორი ამირან ბერძენიშვილი; „უნივერსიტეტის როლი საზოგადოებაში“ - თსუ ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი გრიგოლაშვილი.