Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეიმურაზ ქურდოვანიძე

ქართულ ფოლკლორისტიკას კიდევ ერთი მოამაგე დააკლდა. გარდაიცვალა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი  თეიმურაზ ქურდოვანიძე. 

 

პროფ. თეიმურაზ ქურდოვანიძე, როგორც მკვლევარი, ჩამოყალიბდა ქართული ფოლკლორისტიკის კორიფეების ხელმძღვანელობით. ფოლკლორისტიკის კათედრის ასპირანტობიდან მოყოლებული, იგი ეუფლებოდა ფოლკლორისტიკის თეორიულ საფუძვლებს, რაშიც უცხო ენების ცოდნაც ეხმარებოდა. ხანგრძლივ პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა ფოლკლორულ-შემკრებლობით საქმიანობას და ხელმძღვანელობდა სტუდენტთა საველე პრაქტიკას, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივის შექმნასა და გამდიდრებაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მის ნაშრომებში იგრძნობა ხალხური მასალის ზედმიწევნით ცოდნა.

 

  თ. ქურდოვანიძის  სახელი ცნობილია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა წრეებში. იგი მრავალი შრომის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ზღაპრის სიუჟეტურ ტიპთა საერთაშორისო კატალოგი, რომელსაც ფართო კულტუროლოგიური ღირებულება აქვს. ამ გამოცემას მაშინვე გამოეხმაურნენ ცნობილი უცხოელი მეცნიერები. თ. ქურდოვანიძის ქართული ზღაპრების სიუჟეტურ ტიპთა საძიებელს იმოწმებენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო კატალოგები და ენციკლოპედიები, როგორებიცაა ჰელსინკის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული „ხალხური ზღაპრის ტიპთა კატალოგი და ბიბლიოგრაფია“ და გიოტინგენის უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის მრავალტომეული „ზღაპრის ენციკლოპედია ისტორიული და შედარებითი ზეპირსიტყვიერებისათვის“.

 

პროფ. თეიმურაზ ქურდოვანიძის მონოგრაფიები „ქართული ხალხური ჯადოსნური ზღაპარი“ (1983), „ეთერიანი“ (1974), „ფოლკლორი და ქართული მწერლობა“ (2004), “ქართული ხალხური სიტყვიერების სპეციფიკა და ჟანრები” (2008)„ზეპირსიტყვიერი ვაჟა-ფშაველას პროზაში“ (2010), „ქართული ფოლკლორის პოეტიკა“ (2011), “ქართული ფოლკლორი” და  სხვ. მნიშვნელოვან ნაშრომებს წარმოადგენენ ქართული ფოლკლორის ისტორიოგრაფიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1988 წელს მოსკოვში გამომცემლობა «ნაუკას» მიერ დასტამბული სამეცნიერო აპარატით აღჭურვილი ქართული ზღაპრების ორტომეული, რომელსაც ახლავს სიუჟეტების ტიპოლოგიური ანალიზი. თ. ქურდოვანიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მოხსენებისა, რომლებსაც კითხულობდა  საერთაშორისო კონგრესებზე, სიმპოზიუმებსა და რესპუბლიკურ  კონფერენციებზე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს თ. ქურდოვანიძის მთარგმნელობითი და სამწერლობო მოღვაწეობა. ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ვალერი ბრიუსოვის, მარინა ცვეტაევას, მარჩელო ვენტურის ნაწარმოებები,  ავტორია რომანისა „მწე ჩემდა ხარ“, მოთხრობებისა და დრამატული ნაწარმოებებისა, რომლებიც იდგმებოდა ქართულ თეატრებში.

 

თ. ქურდოვანიძის სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა მნიშვნელოვანია როგორც ფოლკლორისტიკის, ისე ქართული კულტურის ისტორიისთვის.