Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანია შექმნას ბავშვის უფლებათა დაცვის ხელშემწყობი ცოდნის ჰაბი. ცენტრი ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების შესახებ ცოდნის შექმნას, გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ასევე, აკადემიური პერსონალისა და პროფესიონალების გაძლიერებას ბავშვის უფლებათა პრინციპების ეფექტიანად განხორციელებისთვის საქართველოში.

 

ცენტრის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე  ნინო გვენეტაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო შატბერაშვილმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის მიზანი და ამოცანები გააცნო. „ცენტრის დანიშნულებაა, რომ როგორც სტუდენტებს, ისე აკადემიური სივრცის სხვა წარმომადგენლებს, პროფესორებს ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტში უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო შატბერაშვილმა.

 

ცენტრი იმუშავებს მულტიდისციპლინურ ფორმატში და  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, კოორდინირებას გაუწევს საუნივერსიტეტო პერსონალის, სტუდენტების, ბავშვთა უფლებადაცვითი საქმიანობის განმახორციელებელთა ცოდნის გაღრმავებას ბავშვის უფლებების საკითხებზე.

 

ცენტრის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება სამეცნიერო საბჭო, რომელიც  დაკომპლექტებულია უფლებადაცვითი სპეციალობების წარმომადგენელი აკადემიური პერსონალისაგან.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი, როგორც ბავშვის უფლებების მხარდამჭერი ორგანიზაცია საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, დაინტერესებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახლადშექმნილი ერთეულის საქმიანობის გაძლიერების მიზნით. ღონისძიებაზე ხელი მოწერა თსუ-სა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ერთობლივი პროექტები განხორციელდება.