Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში

                                                                                   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა, რომელშიც 70-მდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან.

 

ჯაბა სამუშიამ სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  „სწორედ ასეთ ღონისძიებებზე იბადება ხოლმე ის დიდი იდეები, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ძალიან მნიშვნელოვან შრომებად და მონოგრაფიებად. ასეთ კონფერენციებზე ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრებებს, ეს არის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ნებისმიერი მეცნიერი, რომელსაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ ასეთი შეხვედრების დროს აყალიბებდა თავიანთ უმნიშვნელოვანეს იდეებს“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

„თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია დაამკვიდრა ჩვენს აკადემიურ სივრცეში, ჩვენ უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ სიმპოზიუმს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც, ერთმანეთთან დააკავშიროს ახალგაზრდა მეცნიერები, რაც მომავალში პროფესიული ურთიერთობების კარგი საწინდარი იქნება“,- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით,  სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინურ კვლევათა წარმოჩენას, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარებას, ქართველოლოგიის პოპულარიზაციას და ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდა და გამოცდილ მკვლევართა შორის კონტაქტების დამყარებას.

 

კონფერენცია 9 ივლისამდე გაგრძელდება. სიმპოზიუმის მოწვეული მომხსენებლები არიან ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) კულტურის კვლევების პროფესორი – დოქტორი მიტია ველიკონია,  გოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიის  პროფ. სვეტლანა სუვეიკა და ნორდის უნივერსიტეტის  მსოფლიო ისტორიის პროფესორი – ფრენკ ჯეიკობი   (ნორვეგია).

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის სტივენ ჯონსის თქმით, საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინტერდისციპლინური ლაბორატორია. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეების მიერ მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ძალიან საინტერესოა, მისი თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლექციებიდან და დისკუსიებიდან ახალგაზრდა მეცნიერები ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და ბევრს ისწავლიან.        

 

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები. ამ შედარებით ახალგაზრდა დარგს, რომელიც  სათავეს გასული საუკუნის შუა ხანებიდან იღებს, თსუ-ში უკვე რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ისევე, როგორც სხვა საუნივერსიტეტო სივრცეებში, მისი კვლევის მთავარ ობიექტად იქცა ქვეყნისა და რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალური პრობლემები. ინტერესი კულტურის კვლევების მიმართ ყოველწლიურად იზრდება; ვითარდება თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროექტებსა და პროგრამებში. არაერთმა მათგანმა სწავლა გააგრძელა უცხოეთის უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე, რის საშუალებასაც კულტურის კვლევათა ინტერდისციპლინური ხასიათი იძლევა. თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის  პროფესორებისა და სტუდენტების მუშაობის შედეგები სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნებულ სამეცნიერო, რეფერირებად  ჟურნალში – TSU-ti (www.tsuti.tsu.ge), რომელიც ინდექსირებულია Crossref-ის,  EBSCO-სა და სხვა სამეცნიერო ბაზებში ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის –  DOI-ს მითითებით.

 

სიმპოზიუმის  ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა.