Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 წიგნის „დადეშქელიანთა რეზიდენციები" პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სვანეთის გამორჩეული ფეოდალური საგვარეულოს - დადეშქელიანების ღვაწლსა და ისტორიაზე ფოტოგამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართა.  წიგნი სახელწოდებით „დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები” თსუ-ის პროფესორებმა როზეტა გუჯეჯიანმა და ქეთი ხუციშვილმა წარადგინეს.

 

 ნაშრომში წარმოჩენილია დადეშქელიანთა სამთავრო სახლის მოკლე ისტორია და საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენლის კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული ღვაწლი. აღწერილია სვანეთში შემონახული უნიკალური ისტორიული ძეგლები - დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენცია ეცერის თემის სოფელ ბარშში და უფრო გვიან აგებული კომპლექსები კიდევ სამგან: ფარში, ბეჩოსა და ცხუმარში (მესტიის მუნიციპალიტეტი). ნაშრომში შესწავლილია რეზიდენციათა შესახებ არსებული საისტორიო მონაცემები და გამოვლენილია თანამედროვე ვითარება.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სვანური კულტურისა და ისტორიის განვითარებაში დადეშქელიანების როლზე ისაუბრა.

 

 დადეშქელიანთა რეზიდენციების ამსახველი ფოტომასალა თსუ-ში გამოფენილი იქნება ერთი თვის განმავლობაში. ნაშრომი შესრულებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო კონკურსის: “კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა” ფარგლებში.