Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა  გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რექტორთა კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით წარიმართა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებთან ერთად უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. მათ შორის, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წახალისებაზე, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე,  უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე  იმსჯელეს.  მინისტრის თქმით, შეხვედრებს  ექნება პერმანენტული ხასიათი. „სხვადასხვა უნივერსიტეტში პერიოდულად შევიკრიბებით, რათა  რექტორებთან ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე, რაც უმაღლეს განათლებაში დგას და მათთან ერთად, მათი ჩართულობით, მივიღოთ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები. უმაღლეს განათლებაში  აქტიურად უნდა გავხსნათ კარები, რომ შემოვიდეს მეტი დასავლური ხარისხიანი განათლება. მსოფლიოში უმაღლეს განათლებას საზღვრები აღარ აქვს. დისტანციური სწავლების კომპონენტების აქტიურად გამოყენება, ორმაგი და ერთობლივი პროგრამები - ეს არის ჩემი ხედვა,“- გიორგი ამილახვარმა.

 

თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, უმაღლესი განათლების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფორმატის ეფექტიანად გამოყენება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც აწუხებს უნივერსიტეტებს, მათ შორის უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი.“

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სიმბოლოებისა და ატრიბუტების საკითხსაც. ღონისძიების ბოლოს აირჩიეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსი.

 

რექტორთა კონფერენცია წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და მასზე რექტორები ერთობლივად განიხილავენ უმაღლესი განათლების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მინისტრის ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.