Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხშირად დასმული შეკითხვები მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების შესახებ

 

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

 

  • ვის აქვს დოქტორანტურაში სწავლის  უფლება?

პასუხი: დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირს. დიპლომირებულ მედიკოსს/დიპლომირებულ სტომატოლოგს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრს;  

ბ) ბიოლოგიის მაგისტრს - თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე უფლება ეძლევა ჩააბაროს ბიოლოგიის მაგისტრს, იმ შემთხვევაში თუ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია ბიო-სამედიცინო პროფილის ფუნდამენტური და/ან ტრანსლაციური კვლევითი თემატიკა;

დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  • როგორ ჩავაბარო თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე?

პასუხი: თსუ მედიცინის ფაკულტეტი ამჟამად გთავაზობთ ორ სადოქტორო პროგრამას: „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“  და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“.

დოქტორანტურაში ჩაბარებისთვის პირველ რიგში (1) უნდა მოიძიოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის შესაბამისი კათედრის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც იქნება თქვენი სამეცნიერო ხელმძღვანელი, მასთან შეთანხმდეთ მომავალ საკვლევ თემაზე. ამის შემდეგ (2) თქვენმა მომავალმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს თემა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ბატონი დიმიტრი კორძაიას სახელზე, სადაც ეწერება თემის სათაური, თემის აღწერილობა და ასევე მითითებული იქნება, თუ რამდენი ადგილის გამოყოფა სურს ხელმძღვანელს საკვლევ თემაზე.

შენიშვნა: სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი კლასიფიკატორით დადგენილ დეტალურ სფეროში, კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში და ამავე დროს მას არ უნდა ყავდეს აქტიური სტატუსის მქონე 7 დოქტორანტზე მეტი.

 

  • როდის შეუძლია სამეცნიერო ხელმძღვანელს საკვლევი თემის წარდგენა?

პასუხი: საკვლევი თემის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ფაკულტეტი კონკრეტულ თემაზე მიღებას გამოაცხადებს უახლოეს სემესტრში.

 

  • როდის გამოცხადდება მიღება დოქტორანტურაში?

პასუხი: დოქტორანტობის კანდიდატმა მუდმივად უნდა აკონტროლოთ უნივერსიტეტის საიტი (www.tsu.ge), ასევე მედიცინის ფაკულტეტის საიტი, სადაც სიახლეებში გამოცხადდება დოქტორანტურაში მიღება რექტორის ბრძანებით. საბუთების ჩამონათვალი და ჩაბარების ვადები  მითითებული იქნება ამავე ბრძანებაში. 

 

  • როგორ ვიქცევით დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შემდეგ?

პასუხი: დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შემდეგ წარმოადგენთ ბრძანებით განსაზღრვულ საბუთებს კანცელარიაში (დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება განცხადებაში). თუ ყველა საბუთი იქნება წესრიგში, დაიშვებით უცხო ენის გამოცდაზე.

შენიშვნა: თუ ფლობთ B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატს, დადგება ამ სერთიფიკატის აღიარება/არ აღიარების საკითხი, თუ თსუ ენების ცენტრი გიღიარებთ სერთიფიკატს, გამოცდიდან გათავისუფლებით. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაიდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

 

  • გამოცდის ჩაბარების შემდეგ როგორ ვიქცევით?

პასუხი: გამოცდაზე დადებითი შეფასების შემდეგ დაიშვებით გასაუბრებაზე დარგობრივ კომისიასთან. ინფორმაცია დაიდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ მოხდება თქვენი ჩარიცხვა   დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

  • რამდენჯერ ცხადდება დოქტორანტურაში მიღება?

პასუხი: თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.

 

 

 

გადასახადთან დაკავშირებული შეკითხვები:

 

  •  რა ღირს თსუ დოქტორანტურაში სწავლა:

პასუხი: სწავლის საფასურია სემესტრში 1125 ლარი.

 

  • როგორ გადავიხადო სწავლის გადასახადი?

პასუხი: სწავლის საფასურის გადახდისთვის მიმართეთ: 

  • თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. გადახდის განსახორციელებლად დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა
  • ამავე ბანკების ინტერნეტ/მობაილ ბანკინგს. მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:
    • საქართველოს ბანკის მობაილ ბანკინგი: გადახდები -> ახალი გადახდა -> სხვა გადახდები -> განათლება -> თსუ -> თსუ მიმდინარე გადასახადი -> მომხმარებელი: პირადი ნომერი -> გადასახდელი თანხა XXX -> გადახდა
    • TBC ბანკის მობაილ ბანკინგი:  კომუნალურები -> დაიწყე -> განათლება -> თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -> სწავლის მიმდინარე საფასური -> შეიყვანეთ პირადი ნომერი -> დაფარვა -> მიუთითებთ ბარათს და თანხას -> შემდეგი -> გადახდა
  • ზემოთ აღნიშნული ბანკების pay-აპარატებს. 

შენიშვნა:  თუ გჭირდებათ თსუ ანგარიშის ნომერი, ამისთვის უნდა მიბრძანდეთ თსუ პირველი კორპუსის საფინანსო დეპარტამენტში - ოთახი 019

 

 

 

სწავლის პროცესთან დაკავშირებული შეკითხვები:

  • რამდენი წელია სწავლა თსუ დოქტორანტურაში?

პასუხი: თსუ დოქტორანტუარაში სწავლა მოიცავს არანაკლებ 3 წელს ანუ 6  სემესტრს. ჯამში უნდა დააგროვოთ 180 კრედიტი (ECTS -European Credit Transfer and Accumulation System).

 

  •  როგორ შევიჩერო სტუდენტის სტატუსი?

 პასუხი: სტუდენტის სტატუსის შესაჩერებლად არ გაიაროთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ასევე, თუ გავლილი გაქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გსურთ სტატუსის შეჩერება, არ გაიაროთ აკადემიური რეგისტრაცია.

 

  • როგორ აღვიდგინო სტუდენტის სტატუსი?

პასუხი: სტუდენტის სტატუსის აღსადგენად გაიარეთ ადმინისტრაციული, შემდეგ კი აკადემიური რეგისტრაცია.

 

  • რამდენი ხანი შემიძლია მქონდეს სტატუსი შეჩერებული?

პასუხი: სტუდენტის სტატუსი შეგიძლიათ შეჩერებული გქონდეთ უწყვეტად 5 წელი ანუ 10 სემესტრი. თუ უწყვეტად 10 სემესტრის განმავლობაში შეჩერებული გაქვთ სტუდენტის სტატუსი და კვლავ გაქვთ სურვილი გააგრძელოთ სწავლა დოქტორანტურაში, მეთერთმეტე სემესტრში აუცილებლად უნდა აღიდგინოთ სტატუსი ადმინისტრაციული  და შემდგომ აკადემიური რეგისტრაციის გავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიწყდებათ სტუდენტის სტატუსი.

 

  • რამდენჯერ შემიძლია შევიჩერო სტატუსი?

პასუხი: სტატუსის შეჩერება შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.

 

  • რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

პასუხი: ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სწავლის საფასურის გადახდას (1125 ლარი/სემესტრი).

 

  • რას ნიშნავს აკადემიური რეგისტრაცია?

პასუხი: აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს საგნების/სამეცნიერო აქტივობების დარეგისტრირებას lms პლათფორმაზე; (რიგ საგნებზე ადგილები შეზღუდულია). შენიშვნა: ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელად აკადემიურ რეგისტრაციაზე არ დაიშვებით.

 

  • რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა?

პასუხი: სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს, რომ თქვენ აღარ ხართ თსუ-ის დოქტორანტი.

 

  • შემიძლია თუ არა სტატუსის შეწყვეტის შემდეგ განმეორებით ჩავაბარო იმავე სადოქტორო პროგრამაზე?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია.

 

  • რა საგნები ისწავლება მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე?

პასუხი: თსუ დოქტორანტურის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თითოეული სადოქტორო პროგრამის გვერდზე: 

 

  • რას გულისხმობს სასწავლო კომპონენტი?

პასუხი:  სასწავლო კომპონენტი იყოფა სავალდებულო და არჩევით აქტივობებად.

სავალდებულო კომპონენტების გავლა აუცილებებლია და  გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:

  • ერთი დარგობრივი სემინარი - 15 ECTS (იხ. დანართი - დარგობრივი სემინარის ოქმი და მომზადების გეგმა)
  • პროფესორის ასისტენტობა - 5 ECTS (იხ. დანართი - პროფესორის ასისტენტობის ანგარიში და უწყისი)
  • კვლევის მეთოდოლოგია  - 5 ECTS
  • აკადემიური წერა ბიომედიცინაში - 5ECTS
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - 5ECTS
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები - 5 ECTS

არჩევითი საგნების გავლა ნებაყოფლობითია და გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:

  • სტატისტიკური დამუშავების საკითხები სოციალური და ბიოსამედიცინო კვლევებისათვის  - 5ECTS
  • კლინიკური კვლევის დიზაინი  - 10 ECTS
  • მეცნიერების მენეჯმენტი  - 5 ECTS
  • გლობალური ჯანდაცვა - 5 ECTS

 

  • რამდენი საგნის არჩევა შემიძლია ერთ სემესტრში?

პასუხი: სემესტრში კრედიტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 ECTS-ს, ამავე დროს კრედიტების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს.

 

  • რას გულისხმობს კვლევითი კომპონენტი?

პასუხი: კვლევითი კომპონენტი წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და მოიცავს 2 კვლევითი პროექტს, რომელიც არის დისერტაციის ნაწილი და სადისერტაციო ნაშრომს.

 

  • რა არის კვლევითი პროექტი 1?

პასუხი: კვლევითი პროექტი 1 გულისხმობს თემის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და სათაურის საბოლოო დამტკიცებას, რომელიც

  • უნდა ჩატარდეს პირველ ან მეორე სემესტრებში
  • რომელზეც ესწრება კათედრის წარმომადგენლობა და დოქტორანტურის ადმინისტრირების მუდმივმოქმედი კომისია - მინიმუმ 2 წევრი კატეგორიაში (იხ. დანართი - მუდმივმოქმედი კომისიის დებულება)
  • ივსება ოქმი - კვლევითი პროექტი 1 (იხ. დანართი - კვლევითი პროექტი 1 - ოქმი)

 

  • რა არის კვლევითი პროექტი 2?

პასუხი: კვლევითი პროექტი 2 გულისხმობს სადისერტაციო ნაშრომის აპრობაციას, რომელიც უნდა ჩატარდეს მეექვსე ან საჭიროებისამებ დამატებით სემესტრში

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დოქტორანტურის ადმინისტრირების მუდმივმოქმედი კომისიის დებულება.

 

  • რა ვალდებულებები გამაჩნია როგორც  თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტს?

პასუხი: დოქტორანტი ვალდებულია სწავლის პერიოდში გაიაროს ყველა სავალდებული სასწავლო და კვლევით კომპონენტი და გამოქვეყნოს სადისერტაციო თემასთან დაკავშირებით სამი სტატია რეცენზირებად (Peer-reviewed) ჟურნალებში, რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით.

ამ სამი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს გამოქვეყნებული ისეთ საერთაშორისო ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science-ის ბაზებში - დოქტორანტის პირველი ავტორობით, ამასთანავე:

ა.  Scopus -ში ინდექსირებულ ჟურნალს Scimago Lab –ის (scimagosjr) მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს Q1 ან Q2 კატეგორია (Quartile). https://www.scimagojr.com

ბ. Web of Science -ის ბაზის ჟურნალში  გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მიღებული) სტატიის შემთხვევაში, ჟურნალს უნდა ქონდეს მინიჭებული Clarivate Analitics-ის იმპაქტ-ფაქტორი.