Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრა

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრა დაარსდა 2006 წელს. კათედრის კლინიკურ ბაზას წარმოადგენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (შემდგომში ცენტრი), რომელიც აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) და სხვა ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგში ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. ცენტრის გენერალური დირექტორია პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. იგი ხელმძღვანელობს ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრას დაარსების დღიდან.

 

პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. აღნიშნული სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. უდიდესია თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის დამსახურება საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების, მათ შორის C ჰეპატიტის დარგში. ცენტრი მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. ცენტრი ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ძირითადი განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებაა. საგულისხმოა, რომ ის კოორდინირებას უწევს COVID-19-ის კლინიკურ მართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

2009 წელს ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას.

 

კათედრის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ინფექციურ დაავადებათა დარგის წამყვანი სპეციალისტებით, რომელთაც სტაჟირება აქვთ გავლილი აშშ-სა და დასავლეთ ევროპის წამყვან უნივესიტეტებსა და სამედიცინო ცენტრებში: კათედრის გამგე - პროფესორი თენგიზ ცერცვაძე (მედიცინის დოქტორი), ასოცირებული პროფესორები - ლალი შარვაძე და მანანა თოდუა (მედიცინის დოქტორები), ასისტენტ პროფესორი - აკაკი აბუთიძე (მედიცინის დოქტორი), მოწვეული პედაგოგები - ნატალია ბოლოკაძე (მედიცინის დოქტორი) და მარინა ენდელაძე. კათედრა აქტიურადაა ჩართული როგორც რეზიდენტების, ისე დოქტორანტების მომზადებაში. კათედრაზე შესრულებულია 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია.

 

კათედრის თანამშრომლები ავტორები არიან 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია რეცენზირებად ჟურნალში, მათ შორის მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში. მათ მიერ შედგენილია 30-ზე მეტი ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაცია/გაიდლაინი. ისინი სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, მათ შორის მოწვეული სპიკერების რანგში.

 

კათედრის გამგე პროფესორი თენგიზ ცერცვაძე დაჯილდოვებულია საქართველოს ღირსების ორდენით, აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF) ჯილდოთი, ევროპის ბიზნეს ასამბლეის „დედოფალ ვიქტორიას მედლით“. კათედრის ასოცირებულ პროფესორ ლალი შარვაძეს მიღებული აქვს საქართველოს ღირსების მედალი და დამსახურებული ექიმის წოდება. თენგიზ ცერცვაძეს და ლალი შარვაძეს 2011 წელს საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის მიენიჭათ ეროვნული პრემია.

 

კათედრის თანამშრომლების მიერ მოპოვებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი და განხორციელებულია ამდენივე ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო პროექტი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში. შრომების ნაწილი შესრულებულია წამყვან ამერიკელ მეცნიერებთან და ცენტრებთან ერთად. მთელი რიგი სამეცნიერო ფაქტები პირველადაა მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და/ან საქართველოში, ხოლო ზოგიერთი კვლევა ინოვაციურია საერთაშორისო მასშტაბით.

 

ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის თანამშრომლები:

  • თენგიზ ცერცვაძე - პროფესორი, კათედრის გამგე
  • ლალი შარვაძე - ასოცირებული პროფესორი
  • მანანა თოდუა - ასოცირებული პროფესორი
  • აკაკი აბუთიძე -ასისტენტ პროფესორი
  • ნატალია ბოლოკაძე - მოწვეული ლექტორი
  • მარინა ენდელაძე - მოწვეული ლექტორი