თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურა
მუხლი 1. სამაგისტრო ნაშრომის მიზანი
1.1. სამაგისტრო ნაშრომი არის სტუდენტის მიერ აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, ინდივიდუალურად შესრულებულ სამუშაო.
1.2. ნაშრომში უნდა აისახოს სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის, ისეთი სპეციფიკური მეთოდების/საკითხების, რომელთა ძირითადი ნაწილიც ასახავს კვლევაზე დაფუძნებულ ახალ ცოდნას ან/და პროფესიულ პრაქტიკას.
1.3. სტუდენტმა სამაგისტრო ნაშრომში უნდა შეძლოს პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების მოძიება, უნდა გამოავლინოს კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. ნაშრომში უნდა ჩანდეს, რომ სტუდენტს შეუძლია კომპლექსური ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება, მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და შეფასება, კვლევის დამოუკდებლად განხორციელება. ნაშრომში შემოქმედებითად უნდა იყოს გამოყენებული თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დარგის თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 2. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ აკადემიური პერსონალი (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი), ემერიტუს–პროფესორი, თსუ სამეცნიერო– კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, დოქტორის ხარისხის მქონე მოწვეული პირი (გამონაკლის შემთხვევაში მოწველ პირს შეიძლება არ ჰქონდეს დოქტორის ხარისხი). მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს კონკრეტული სამაგისტრო პროგრამა, რაც აისახება შესაბამის ოქმში. დოქტორის ხარისხის არმქონე სპეციალისტის მოწვევაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სამაგისტრო პროგრამა სათანადო არგუმენტების წარმოდგენით, რაც აისახება ოქმში.
2.1. სამაგისტრო ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს თანახელმძღვანელიც.
2.2. ხელმძღვანელი ვალდებულია, თითოეულ სტუდენტს დაეხმაროს ნაშრომზე მუშაობის პროცესში, კერძოდ:
ა) გამართოს რეგულარული პირისპირ და/ან ონლაინ შეხვედრები სტუდენტთან ან საჭიროებისამებრ სტუდენტების ჯგუფთან;
ბ) მიაწოდოს სტუდენტს ინფორმაცია ნაშრომის მომზადების ზოგადი რეგულაციების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის წესებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით, ასევე აკადემიური ეთიკის, მონაცემთა დაცვის, პლაგიატის შესახებ, აუხსნას სტუდენტს ნაშრომის მომზადების, წარდგენისა და შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები.
გ) გაუწიოს კონსულტაცია კვლევის კონცეფციის შემუშავების პროცესში (მაგ.: საკვლევი საკითხის ჩამოყალიბება, კვლევის დიზაინის შემუშავება, კვლევის მეთოდების განსაზღვრა და სხვ.).
დ) დაეხმაროს სტუდენტს ნაშრომის მომზადების დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში.
ე) დაეხმაროს სტუდენტს ვადების განსაზღვრასა და დროის ეფექტიანად განაწილებაში, ნაშრომის შესრულების ძირითადი ეტაპების დაგეგმვაში, ნაშრომის სტრუქტურის განსაზღვრაში, კვლევისათვის საჭირო მონაცემთა მოპოვებასა და ანალიზის დაგეგმვაში.
2.3. ხელმძღვანელმა ერთდროულად შეიძლება უხელმძღვანელოს მაქსიმუმ 5 მაგისტრანტს.
მუხლი 3. სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ენა
3.1. სამაგისტრო ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
3.2. უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ ნაშრომს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენაზე.
მუხლი 4. სამაგისტრო ნაშრომის თემის არჩევა:
4.1. მეოთხე სემესტრის დასაწყისში, აკადემიური რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, მაგისტრანტი სასწავლო ბარათში (uni.tsu.ge) აფიქსირებს თავის არჩევანს და რეგისტრირდება საგანზე: სამაგისტრო ნაშრომი (შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის მითითებით).
4.2. მაგისტრანტის სამაგისტრო ნაშრომის სათაური და ხელმძღვანელი მტკიცდება შესაბამისი ინსტიტუტის სხდომაზე, რის შესახებაც დგება ოქმი.
4.3. სამაგისტრო ნაშრომის სათაურისა და ხელმძღვანელის დამტკიცების ამსახველი ოქმის ასლი წარედგინება ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.
4.4. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს შემდეგი მიზეზებით: ინტერესთა კონფლიქტი, ხელმძღვანელის ჯანმრთელობის პრობლემები (ავადობა), ხელმძღვანელის გარდაცვალება, ხელმძღვანელის უცხოთში გამგზავრება და სხვა არგუმენტირებული მიზეზები. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის ცვლილება მტკიცდება შესაბამისი ინსტიტუტის სხდომაზე, რის შესახებაც დგება ოქმი.
4.5. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის ცვლილების ამსახველი ოქმის ასლი წარედგინება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
მუხლი 5. სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა და გაფორმების წესი
5.1. სამაგისტრო ნაშრომი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
1. თავფურცელი (სატიტულო ფურცელი);
2. ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე თემის სათაურის მითითებით);
3. სარჩევი (შინაარსი);
4. შესავალი;
5. ტექსტის ძირითადი ნაწილი (რომელიც მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, კვლევის მეთოდების აღწერას, კვლევის შედეგებს);
6. დასკვნა;
7. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
8. დანართები (არსებობის შემთხვევაში).
5.2. სამაგისტრო ნაშრომის მიმართ არსებობს სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი და ტექნიკური მოთხოვნები. ნაშრომი ფორმდება ქვემოთმოყვანილი სტანდარტის შესაბამისად:
- თავფურცელი (სატიტულო ფურცელი) - წინ უძღვის ანოტაციას:
- ფურცლის ზედა ნაწილში: უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სრული დასახელება, სადაც შესრულდა ნაშრომი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამაგისტრო პროგრამის დასახელება; შრიფტის ზომა: 14);
- 2-3 სმ-ის დაშორებით - სტუდენტის გვარი და სახელი (სახელობით ბრუნვაში, შრიფტის ზომა: 16);
- შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება ბრჭყალების გარეშე (შრიფტის ზომა: 16);
- ნაშრომის დასახელების ქვემოთ - მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (მაგ.: ნაშრომი შესრულებულია ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად)
- (შრიფტის ზომა: 14);
- თავფურცლის მარჯვენა ქვედა მხარეს - ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა (შრიფტის ზომა: 12) ;
- სულ ქვემოთ, შუა ნაწილში - ნაშრომის შესრულების ადგილი (ქალაქი) და თარიღი (მაგ.: თბილისი, ქვევით - 2000) (შრიფტის ზომა: 12);
- ანოტაცია – აისახება თემის აქტუალობა, მიზნები, ამოცანები, კვლევის საგანი, ობიექტი, ძირითადი შედეგები, სიახლე; მოცულობა - 150 –200 სიტყვა. ანოტაცია უნდა დაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისური ვარიანტი უნდა მოიცავდეს თემის დასახელებას, ავტორის გვარს და ინიციალებს.
- შინაარსი (სარჩევი) – ასახავს სამაგისტრო ნაშრომის სრული ტექსტის ყველა თავისა და პარაგრაფის ზუსტ დასახელებას თანმიმდევრულად, მარჯვენა მხარეს მათი გვერდების ნომრის მითითებით. გვერდების ნუმერაცია უნდა დაიწყოს სარჩევის მომდევნო გვერდიდან თავფურცლის, ანოტაციის და შინაარსის გვერდების რაოდენობის გათვალისწინებით.
- შესავალი – წარმოადგენს ნაშრომის ზოგად ნაწილს, რომელშიც უნდა აისახოს თემის აქტუალობის დასაბუთება, მიზნები, დასმული ამოცანების შინაარსი, საკვლევი საგნისა და ობიექტის ფორმულირება, კვლევისათვის გამოყენებული მეთოდი, პრობლემის კვლევის მდგომარეობა, ანუ არის თუ არა საკითხი დამუშავებული, ვის მიერ, როდის და რა კუთხით. რით განსხვავდება მოცემული სამაგისტრო ნაშრომი წინა კვლევებისგან. შესავლის მოცულობა - 6000-8000 ასო-ნიშანი.
- ტექსტის ძირითადი ნაწილი – ძირითადი ტექსტი შესაძლებელია დაიყოს თავებად და პარაგრაფებად. თავები გადაინომრება თანმიმდევრულად და დასახელებისგან გამოიყოფა წერტილებით. პარაგრაფებს დაესმის თავისა და პარაგრაფის ნომრები. თავის დასახელება იწერება 16–იანი ზომის შრიფტით. ტექსტი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე თავს, თითოეული თავი კი ꟷ რამდენიმე პარაგრაფს. შესავალი, თითოეული თავი და დასკვნა უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ხოლო პარაგრაფების დაწყება ახალი ფურცლიდან აუცილებელი არ არის.
- დასკვნა – წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომის ნაწილს, რომელშიც აისახება ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგები, მათი თეორიული მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება, ასევე, პერსპექტიული გამოყენების სფერო.
- გამოყენებული ლიტერატურის მიმართ გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
- ლიტერატურის ნუსხა წარმოდგენილი უნდა იყოს ანბანური თანმიმდევრობით (ჯერ ქართულ, შემდეგ უცხოურ ენებზე);
- წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას საჭიროა დასახელდეს ავტორის გვარი და ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, გამოცემის ქალაქი, გამომცემლობა, წელი, გვერდების საერთო რაოდენობა;
- სამეცნიერო ნაშრომის მითითებისას უნდა დასახელდეს ავტორის გვარი, ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება, წელი, ტომი, ნომერი, ნაშრომის საწყისი და ბოლო გვერდები.
- ტექსტში გამოყენებული საილუსტრაციო მასალა – ცხრილები, დიაგრამები, სურათები, სქემები - უნდა გადაინომროს. მაგალითად, ნაშრომის თავის ნომერი და ცხრილის ნომერი - 2.1, 2.2 და ა.შ საილუსტრაციო მასალამ შეიძლება მოიცვას ნაშრომის ტექსტის არა უმეტეს 1/3-ისა. საილუსტრაციო მასალის დარჩენილი ნაწილი უნდა მოექცეს დამატებებში.
- სამაგისტრო ნაშრომის ტექსტში კონკრეტული ნაშრომის განხილვისას და ავტორისეული მოსაზრების დაფიქსირებისას მრგვალ ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს მისი ინიციალი, გვარი და ნაშრომის გამოქვეყნების წელი; მაგ: (დ. უზნაძე; 1998);
- ტექსტში გამოყენებული ციტატების ბოლოს კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს ავტორის ინიციალი, გვარი, წელი და გვერდი. მაგ: [დ. უზნაძე, 1998: 6]; ტექსტში ჩართული ციტატა უნდა ჩაისვას ბრჭყალებში და დაიბეჭდოს დახრილი შრიფტით (იტალიკით).
- შენიშვნები და დამატებითი ინფორმაცია სქოლიოების სახით, საჭიროების შემთხვევაში, დაერთვის თითოეული გვერდის ბოლოს უწყვეტი ნუმერაციით.
- შენიშვნების/სქოლიოების შრიფტის ზომა: 10.
- ტექსტის დაკაბადონების წესი
- ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე
- შრიფტის სახე Sylfaen
- ტექსტის შრიფტის ზომა 12
- თავები/ქვეთავების შრიფტის ზომა 16/14
- სქოლიოს შრიფტის ზომა 10
- სტრიქონებს შორის მანძილი 1,5 ინტერვალი;
- ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან 3 სმ, მარჯვნიდან 1 სმ, ზემოდან 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 სმ;
- ნაშრომის მოცულობაა 40-100 გვერდი (არაუმეტეს 200 000 ასო-ნიშანი, არანაკლებ 80 000 ასო-ნიშანი);
- სამაგისტრო ნაშრომს დანართის სახით უნდა ახლდეს სატიტულო ფურცლის ინგლისური თარგმანი.
მუხლი 6. აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატი
6.1. აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის სახეებია:
ა) პლაგიატი, რაც გულისხმობს გამიზნულად თუ უნებლიედ სხვისი ნაშრომის (იდეების, ცნებების, ფორმულების, გრაფიკების, ცხრილების, გამოსახულებების, დიზაინის და სხვა) საკუთრად წარმოჩენასა და გავრცელებას ავტორის/წყაროს შესაბამისად მითითების
(საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის) გარეშე;
ბ) თვითპლაგიატი, რაც გულისხმობს სხვა ნაშრომში გამოთქმული საკუთარი მოსაზრებების გამეორებას ორიგინალური წყაროს მითითების გარეშე, ან საკუთარი ნაშრომის ორჯერ ან მეტჯერ წარდგენას სხვადასხვა დავალების ფარგლებში;
გ) კომპილაცია, რაც გულისხმობს საკუთარი დამუშავებისა და ინტერპრეტაციის გარეშე საავტორო უფლებით დაცული, სხვის მიერ მიღებული კვლევითი შედეგების/ნაშრომების გამოყენებას და დაჯგუფებას;
დ) ფაბრიკაცია/ფალსიფიკაცია, რაც გულისხმობს ნაშრომში მონაცემების ცვლილებას, მონაცემებით მანიპულირებას, მიღებული შედეგების შერჩევითად გამოყენებას, რაც იწვევს შედეგებისა და დასკვნების არასწორ ინტერპრეტაციას;
6.2. სტუდენტის მიერ ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ნაშრომი პლაგიატზე მოწმდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
6.3. დაცვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე სტუდენტი, ფაკულტეტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში (მაგ.: e-Learning) საგანგებოდ გახსნილ ველში ტვირთავს ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას, პლაგიატზე შესამოწმებლად. პლაგიატის შემოწმების ანგარიში გადაეგზავნება ნაშრომის ხელმძღვანელს, რომელიც აფასებს ნაშრომს და პლაგიატის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აცნობებს ფაკულტეტს.
6.4. საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტი ნიშნავს აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო კომისიას და ნიშნავს პლაგიატის საკითხის განხილვის თარიღს.
6.5. აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია შედგება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრებისგან, არანაკლებ 3 წევრისა და არაუმეტეს 9 წევრისგან.
6.6. სტუდენტს წერილობითი ფორმით ეგზავნება ინფორმაცია განხილვის თარიღის შესახებ. სტუდენტი ესწრება მის მიმართ განხილვას, სადაც სარგებლობს სიტყვის უფლებით. სტუნდენტს აქვს უფლება მიაწოდოს კომისიას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები საკუთარი პოზიციის დასაცავად.
6.7. კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წერილობითი სახით ეცნობება ფაკულტეტს და სტუდენტს.
მუხლი 7. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა და განხილვის ვადები
7.1. სამაგისტრო ნაშრომი ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარედგინება დაცვამდე 5 დღით ადრე ყდაში ჩასმული A4 ფორმატის ფურცელზე;
7.2. ნაშრომს თან უნდა ახლდეს ხელმძღვანელის დადებითი შეფასება სამაგისტრო ნაშრომზე.
7.3. სამაგისტრო ნაშრომის სრული ელექტორნული ვერსია (PDF ფორმატში) – CD.
მუხლი 8. ნაშრომის რეცენზირება
8.1. სამაგისტრო ნაშრომის რეცენზირებისთვის, სამაგისტრო ნაშრომის წინასწარი დაცვის შემდეგ, სამაგისტრო პროგრამა გამოყოფს, სულ მცირე, ერთ რეცენზენტს.
8.2. რეცენზენტ(ებ)ი შეიძლება იყოს თსუ-ის აკადემიური პერსონალი, ემერიტუსი, თსუ-ის დოქტორანტი.
8.3. რეცენზენტისთვის გადაცემამდე სამაგისტრო ნაშრომს გავლილი უნდა ჰქონდეს შემოწმება პლაგიატზე.
ა) რეცენზენტს ნაშრომი უნდა გადაეცეს დაცვამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე.
ბ) დაცვამდე 4 დღით ადრე რეცენზენტი წერილობითი ფორმით წარმოადგენს რეცენზიას, რომელშიც ის აფასებს ნაშრომს ფაკულტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკითხის აქტუალურობა, კვლევის სიახლე,
- თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა,
- ლოგიკა და არგუმენტაცია, ადეკვატური ინტერპრეტაცია,
- დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან,
- ტექსტის გამჭვირვალობა/სიცხადე,
- ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი
გ) რეცენზენტი ესწრება ნაშრომის საჯაროდ დაცვას და თავის დასკვნას საჯაროდ აცნობებს კომისიას.
მუხლი 9. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების წინაპირობა
9.1. სამაგისტრო ნაშრომი საჯარო დაცვაზე დაიშვება სტუდენტი რომელმაც:
ა) გაიარა სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სრულად დაფარა სწავლის საფასური;
ბ) დროულად წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი და დააკმაყოფილა წინა მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს პროგრამით განსაზღრული სასწავლო კომპონენტი.
9.2. გაიარა სამაგისტრო ნაშრომის წინასწარი განხილვა. წინასწარი განხილვისთვის არ არის აუცილებელი ნაშრომის აკინძული სახით წარდგენა.
9.3. წინასწარი განხილვის შემდეგ, დაცვამდე 2 კვირით ადრე, მაგისტრანტი საბოლოოდ დასრულებულ სამაგისტრო ნაშრომს წარადგენს სასწავლო პროცესის მართვის შესაბამის სპეციალისტთან შემდეგი ფორმით:
- აკინძული (ყდაში ჩასმული);
- ელექტრონული ვერსიით (CD);
- ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაშრომი მზადაა საჯაროდ დასაცავად.
9.4. სამაგისტრო ნაშრომების ჩაბარების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომი, მისი ელექტრონული ვერსია და ხელმძღვანელის დასკვნა ეგზავნება შესაბამის ინსტიტუტებს. სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს დაცვის კომისიის წევრებისთვის ნაშრომის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას.
9.5. სამაგისტრო ნაშრომის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში სტუდენტი დაცვაზე არ დაიშვება.
მუხლი 10. სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვა
10.1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება საჯაროდ, ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის წინაშე, რომელიც შედგება 3-5 წევრისგან.
10.2. კომისია ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს.
10.3. მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს კომისიის წევრი სათათბირო ხმით.
10.4. ნაშრომის საბოლოო შეფასება იწერება კომისიის მიერ.
მუხლი 11. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება
11.1. სამაგისტრო ნაშრომი ფასდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც მაგისტრანტი დაასრულებს მასზე მუშაობას.
11.2. სამაგისტრო ნაშრომი ფასდება მთლიანობაში, ერთიანად - დასკვნითი შეფასებით.
11.3. მაგისტრანტის მიერ სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია ხდება შესაბამისი კომისიის წინაშე, რასაც მოჰყვება დისკუსია.
11.4. კომისია აფასებს ნაშრომს ფაკულტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკითხის აქტუალურობა, კვლევის სიახლე,
- თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა,
- ლოგიკა და არგუმენტაცია, ადეკვატური ინტერპრეტაცია,
- დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან,
- ტექსტის გამჭვირვალობა/სიცხადე,
- ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი, პრეზენტაცია.
11.5. სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების ქულებს და მათ ხვედრით წილს ადგენს კომისია.
11.6. სამაგისტრო ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
11.7. შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
და ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასება 41-50
ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასება 40 ქულა და ნაკლები
11.8. სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის 41-50 ქულით (FX) შეფასების შემთხვევაში, მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო 40 და ქვემოთ ქულის (F )მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.
11.9. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შედეგი ფიქსირდება დაცვის ოქმში/უწყისში, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი. ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
11.10. დაცვიდან 2 (ორ) სამუშაო დღეში უწყისი/ოქმი წარედგინება ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მაგისტრანტის სასწავლო ბარათში შეფასების ქულის შესატანად.
11.11. სამაგისტრო ნაშრომი თანდართული ხელმძღვანელის დასკვნით და რეცენზიით, ინახება სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან/ შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში/მიმართულებაზე/კათედრაზე
08.06.2022.
01. 10. 2025 (ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი #9