Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა სტუდენტებთან

31 მაისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართავენ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან.

შეხვედრის თემაა: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა.

საკითხი მოიცავს თანასწორობისა და მრავალფეროვნების (რელიგიური, ეთნიკური, კულტურული) უზრუნველყოფას, მათ შორის საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში. შეხვედრაზე განვიხილავთ როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და არსებულ პრაქტიკას.

წარმოდგენილი იქნება TDI-ს ორი კვლევის ძირითადი საკითხებიც. კვლევები ეხება, ერთი მხრივ, რელიგიურ/კულტურულ დღესასწაულებზე უქმე დღეებით სარგებლობის გარანტიებს, მეორე კი რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარებას სხვადასხვა სივრცეში, მათ შოროს სამუშაო ადგილზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევები აანალიზებს ამ საკითხზე არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას და გვთავაზობს  საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზს.

დრო: 31 მაისი, 14:00 - 15:30 

ადგილი: თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი (ქეთევან წამებულის 55)

TDI-ს და მომხსენებლების შესახებ

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ადვოკატირება; რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევა; კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; თანასწორობის, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის იდეის დაცვა და ტოლერანტული გარემოს განვითარება.

ეკა ლომთათიძე (მომხსენებელი, კვლევის ავტორი): ეკა ლომთათიძე არის ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის იურისტი, მკვლევარი. ის მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ეკა აგრეთვე თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტებთან და უნივერსიტეტებთან ადამიანის უფლებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

მარიამ ღავთაძე: არის ადამიანის უფლებების იურისტი, TDI-ს გამგეობის წევრი და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელი. იგი 17 წელია მუშაობს რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაძლევის საკითხებზე; არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და პუბლიკაციების ავტორი.