Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DITECH -ის პირველი ეროვნული შეხვედრა

2021 წლის 10 და 11 თებერვალს ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, ჩატარდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში// Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“,  პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა.

პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქა­რ­თ­ველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვი­თა­რებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასა­უ­მ­ჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია (15/01/2021-15/01/2024)  და მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფებია  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები. კონსორციუმის მუშაობაში ჩართული არიან  საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)


პირველ ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, თსუ-ს პროფესორმა, ქალბატონმა  იზაბელა პეტრიაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა თინა გელაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა ქალბატონმა მანანა სალუქვაძემ პარტნიორებს წარუდგინეს პროექტის ზოგადი მიმოხილვა, პროექტის წარდგენის ეტაპზე შემფასებელთა მიერ გაცემული რეკომენდაციები და იმსჯელეს პროექტის წარმატებით განხორციელების გზებზე.  შეხვედრის პირველ დღეს მომხსენებლებმა და ჩართულმა პარტნიორებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები,  თითოეული უნივერსიტეტის კონკრეტული როლი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე და რა უნდა გაითვალისწინონ ჩართულმა მხარეებმა პროექტის მომზადების, განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, მენეჯმენტისა და შედეგების დისემინაციის ეტაპებზე. მეორე სამუშაო დღე დაეთმო პროექტის ბიუჯეტის, პარტნიორული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა ლოგისტიკური საკითხების განხილვას. ამასთანავე, ეროვნულ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა განიხილეს პროექტის ოფიციალური გახსნის, პირველი საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგი და იმსჯელეს თითოეული პარტნიორის როლზე ამ შეხვედრის ფარგლებში. პროექტის ოფიციალური გახსნა საერთაშორისო დონეზე დაგეგმილია 2021 წლის 25-27 თებერვალს Zoom.us პლატფორმის საშუალებით.