Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებელთა X საუნივერსიტეტო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს”.

11 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა X საუნივერსიტეტო კონფერენცია: ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს”.

საიუბილეო კონფერენციის თემად შეირჩა ,,სასწავლო რესურსები დისტანციური სწავლებისას - პრაქტიკის გაზიარება“

კონფერენციის გახსნით შეხვედრაზე მონაწილე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კონფერენციისა და საკონფერენციო თემის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორმა, შეხვედრის ორგანიზატორმა,  ქეთევან ჭკუასელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ბერიკა შუკაკიძემ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაქარია ქიტიაშვილმა და პროფესორის ასისტენტმა მარინე გოგნელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე ,,საგანმანათლებლო რესურსი და კოვიდპანდემია“, რომელიც შეეხებოდა უნივერსიტეტის მხრიდან  მასწავლებელთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებას. მომხსენებლებმა პედაგოგებს გაუზიარეს ის რესურსები, რომლებიც განათლების დეპარტამენტის ფარგლებში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის მომზადდა. განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ივანე მინდაძემ კი თავის მოხსენებაში პანდემიის შედეგად არსებულ სასწავლო დანაკარგებზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმის წარმართვისას დავალებების შეფასების არსებულ გამოწვევებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. პრეზენტატორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კვლევის შედეგები, რომლებიც დისტანციური სწავლებისას დავალების ტიპების მიხედვით არსებულ განსხვავებულ პრობლემებს ეხებოდა.

პლენარული სხდომის შემდგომ კონფერენციის მონაწილე სკოლის პედაგოგები დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სექციებში გადანაწილდნენ  და დისტანციური სწავლებისას შექმნილი ორიგინალური რესურსები საქართველოს მასშტაბით კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.