სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №261 (დანართი №64)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 70 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 30 ან 50 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები 10 ან 20 ECTS კრედიტი
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სფეროში მომავალი აკადემიური პერსონალის, პროფესიონალი პრაქტიკოსებისა და პრაქტიკოს-ანალიტიკოსების მომზადება. სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობაში ისეა აგებული, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი საფუძველი მისცეს მომავალ მაგისტრს საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის ინტერდისციპლინარულ ხასიათზე, მის კავშირზე სხვა სოციალურ მეცნიერებებთან, რაც მიიღწევა პოლიტიკური, ეკონომიკური და მენეჯერული მიდგომების კომბინირებითა და სასპეციალიზაციო არჩევითი მოდულების შეთავაზებით საჯარო მმართველობის სამ სფეროში.
სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობაში ისეა აგებული, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი საფუძველი მისცეს მომავალ მაგისტრს საჯარო მმართველობის კვლევის მეთოდებში, თეორიებსა და სუბ-დისციპლინებში, რათა ამ გზით მოამზადოს ისინი ერთი მხრივ, პრაქტიკული საქმიანობის, მეორე მხრივ კი, სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.
სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, რომელთაც შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში და საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე შექმნან სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის დარგში მნიშვნელოვანი წინსვლისა და რეფორმირების პროცესის დაჩქარების, ეფექტური და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობები; სტუდენტები იღებენ სათანადო თეორიულ მომზადებას საჯარო მმართველობასა და საჯარო პოლიტიკაში; იღრმავებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს; კარგად იცნობენ საჯარო მმართველობის სპეციფიკასა და მახასიათებლებს; იცნობენ შესაბამისი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტებს; პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიფართოოს თეორიული თვალსაწიერი, განავითაროს და დახვეწოს საჯარო მმართველობის საკითხების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი, შეიძინოს დამოუკიდებელი კვლევის ჩვევები; პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს პოლიტიკაში პროფესიული კარიერის შესაქმნელად საჭირო ცოდნითა და ხერხებით.
ამავდროულად, სამაგისტრო პროგრამა იძლევა ათვისებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო საშუალებებს და ქმნის კვლევის წარმოების თვალსაზრისით საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სფეროში ახალი ცოდნისა და მტკიცებულებების წარმოების შესაძლებლობებს დაცული სამაგისტრო ნაშრომებისა და სხვა ანალიტიკური პროდუქციის მეშვეობით, რომელიც იწარმოება პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად (სტუდენტები ჩართული იქნებიან კონკრეტულ კვლევით პროექტებში, რომელიც პროგრამასთან ასოცირებული პროფესორებისა და მოწვეული პედაგოგების მიერ ხორციელდება);
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება (გამოცდა ან შესაბამისი სერტიფიკატი);
- გამოცდა საჯარო მმართველობასა და საჯარო პოლიტიკაში (საგამოცდო საკითხები იხილეთ დანართში N 2.3. );
- გასაუბრება.
აქვს საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის კონტექსტის, თეორიისა და პრაქტიკის შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა; შეუძლია ახსნას საჯარო, კერძო და მესამე სექტორს შორის ურთიერთობა; აქვს საჯარო მმართველობის ინტერდისციპლინარული გაგება. აქვს სისტემური ცოდნა როგორც ზოგადად საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვისა და ადმინისტრირების, ისე მის მიერ არჩეული სპეციალიზაციის (სოციალური პოლიტიკა; ქალაქ-დაეგმარება და მიწათსარგებლობის პოლიტიკა: საგარეო პოლიტიკა;) ფარგლებში არსებული თეორიების, უახლესი მიგნებების, სამეცნიერო დისკუსიების თემატიკის და დისკუსიებში ჩართულ მხარეთა არგუმენტების კვლევების შესახებ, აქვს კვლევის მეთოდოლოგიის და მეთოდიკის სიღრმისეული, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.
პროგრამის ინტერდისციპლინარული ხასიათი და საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის საკითხების დარგობრივი სფეროების მიხედვით განხილვა მიღებული ცოდნისა და ათვისებული უნარ-ჩვევების მულტიდისციპლინარულ კონტექსტში გამოყენების საშუალებას ანიჭებს.
აქვს პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული ხედვა, პოლიტიკის ანალიზის წარმოებისა და ქსელური ანალიზის უნარ-ჩვევები მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს ეს ცოდნა და უნარები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის პროცესში და საზოგადოებრივი პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მომავალში.
აქვს კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საჯარო მმართველობის პრობლემატური საკითხების გარშემო დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია ინფორმაციის სინთეზირება და მათ საფუძველზე დასკვნების შემოთავაზება. საკითხების განხილვა ინტერდისციპლინარული პერსპექტივით, მკაფიოდ არგუმენტირებული და მონაცემებზე დაყრდნობილი დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევს.
იცნობს და თავისუფლად იყენებს სოციალურ მეცნიერებებში ფართოდ აპრობირებულ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სტატისტიკურ პროგრამებს (SPSS, STATA); აქვს კვლევის შედეგების წერითი და ვერბალური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. არის ინგლისური ენის B2 დონეზე მცოდნე და ფლობს საჯარო მმართველობის ცნებით-კატეგორიულ აპარატს ინგლისურ ენაზე. ცოდნის გამდიდრება, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, სემესტრული ნაშრომების პრეზენტაციის პრაქტიკა სტუდენტს უყალიბებს საკუთარი ცოდნისა და გაწეული მუშაობის შედეგების დასაბუთებული წარმოჩენის, სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობის უნარს.
აქვს უნარი თავად დაგეგმოს და განახორციელოს სიცოცხლის მანძილზე სწავლა როგორც საჯარო მმართველობის, ისე მის მიერ არჩეულ სფეროში, ადეკვატურად აფასებს საკუთარ სსწავლის პროცესს და ესმის, როგორ გააუმჯობესოს მიღებული შედეგი. აქვს უნარი მომავალში დამოუკიდებლად ან მინიმალური ხელმძღვანელობის ქვეშ განახორციელოს კვლევითი პროცესი, ფლობს კვლევითი პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელ ადექვატურ ინდივიდუალურ რესურსსა და კომპეტენციას და აქვს მათი გაუმჯობესების უნარი. აქვს საჯარო მმართველობის სფეროში გამოქვეყნებული უახლესი ლიტერატურის ათვისების, სწავლისა და კვლევის პროცესში მისი მუდმივი გამოყენებისათვის მზაობა.
მაგისტრს აქვს საჯარო მმართველობის სფეროს პრაქტიკული გაუმჯობესების ღირებულებითი აღქმა და შეუძლია ჩაერთოს დემოკრატიული მართვის განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში პრაქტიკული თუ კვლევითი საქმიანობის საფუძველზე. როგორც საჯარო მოხელეს, შეუძლია ამ ღირებულებების მეშვეობით მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული მმართველობისათვის ხელშეწყობა.
დასაქმების სფეროები:
• კვლევითი ორგანიზაციები
• საჯარო დაწესებულებები
• არასამთავრობო სექტორი
• საერთაშორისო ორგანიზაციები
• კერძო სექტორი
• მასმედია