Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძვირფასო სტუდენტებო

 

სასწავლო პროცესის დისტანციურად დაწყებასთან ერთად, გვინდა, თქვენი ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე საკითხს.
 
● გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული (ონლაინ) სწავლება დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც თითოეული თქვენგანის, ასევე აკადემიური გუნდის წევრების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა, მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი“, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მიერ მათი მოსმენისას, შენახვისას და სხვა პირებისთვის გაზიარებისას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია ლექციების ანდა სასემინარო შეხვედრების ჩაწერა, თუ არ არსებობს ამის შესახებ ამ ლექციაში/სემინარში მონაწილე ყველა პირის წინასწარი თანხმობა. სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იურისტები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ამიტომ გთხოვთ, გახსოვდეთ აღნიშნული აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების (ხმა, გამოსახულება და ა.შ.) გამოყენებისას;

 

● გახსოვდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის მიერ საგანგებო ვითარებაში საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მომზადებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ და მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ისარგებლეთ ჩანაწერებით მხოლოდ დანიშნულებისამებრ და არ გაუზიაროთ ისინი არაუფლებამოსილ მესამე პირებს, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების წევრებს და არ გახადოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა  და საავტორო უფლებების ხელყოფის პრეცედენტი;

 

● თუ თქვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ, გთხოვთ, აცნობოთ ამის თაობაზე იურიდიულ ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე tsu.law@tsu.ge.