Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სასტიპენდიო კონკურსების გამარჯვებულები

 

მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელი საბჭოს წევრის, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის ფინანსური მხარდაჭერით, მისი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადდა ორი სასტიპენდიო კონკურსი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ ― იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის და „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ ― იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აქტიური სტატუსის მქონე, მე-3 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებმა, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3.5-ს შეადგენს. კონკურსში მონაწილე სტუდენტთა აკადემიური მოსწრების, განხორციელებული აკადემიური თუ სამეცნიერო აქტივობებისა და სამოტივაციო წერილების შეფასების შედეგად, შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართა გასაუბრება. შესარჩევი კომისიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით „ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ მიენიჭა სამართლის საბაკალავრო პროგრამის VII სემესტრის სტუდენტს ― ელენე თუთბერიძეს, ხოლო „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ ― საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის VII სემესტრის სტუდენტს ― ელიზაბეტ კაკაბაძეს. 

 

ა/წ 26 მარტს გაიმართა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და ერთი სასწავლო წლით დაენიშნათ შესაბამისი სტიპენდია. გარდა ამისა, კონკურსის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებით (ძირითადად იურიდიული ლიტერატურით).