Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გენდერისა და სამართლის სწავლების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის სრულყოფის, ასევე მედიაციის პროცესში სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების პროექტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) ხელშეწყობით თბილისისა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს გენდერისა და სამართლის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის,  ასევე მედიაციის პროცესში სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიმართულებით. 

 

სამართლისა და გენდერის მიმართულებით პროექტი მიზნად ისახავს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამაში უკვე არსებული გენდერისა და სამართლის სასწავლო კურსის განახლება-გაუმჯობესებას, სასწავლო მასალების განვრცობას და ქართულ ენაზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, სხვადასხვა უსდ-ში გენდერისა და სამართლის კურსის  დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდება ვორკშოპი თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტების პროფესორებისათვის. ასევე გაიმართება საჯარო ლექციები, რომლებიც მიეძღვნება ქალთა უფლებებს, სამართლისა და გენდერის აქტუალურ საკითხებს. 
პროექტი   ასევე მიზნად ისახავს  ანტიდისკრიმინაციული რეგულაციებისა და დისციპლინური წარმოების პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობას თბილისისა და რეგიონის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშვებას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ, რომელიც გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული აკადემიური წრეებისთვის.
პროექტის მესამე მიმართულება ითვალისწინებს  მედიაციის 4-დღიანი ვორკშოპისა და მედიაციაში წარმომადგენლობის 2-დღიანი ეროვნული შეჯიბრის ორგანიზებას საქართველოს უსდ-ის 8 სტუდენტური გუნდისათვის. აღნიშნული ღონისძიება  2012 წლიდან  წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (ჰიუსტონი, აშშ) მხარდაჭერით  გაფუძნებულ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  აკადემიური ტრადიციას. 
სამართლისა და გენდერის, ანტიდისკრიმინაციული საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და პროცედურების სრულყოფის, ასევე  მედიაციაში სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების პროექტს ხელი მოეწერა 2020 წლის 16 ივლისს და გაგრძელდება 2021 წლის 15 ივნისამდე.