Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტი გრეგორი მენქიუ თსუ სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა

ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომიკისა და ბიზნესის“ მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო, საპასუხო წერილი მიიღი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კერძოდ, მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერ-ეკონომისტმა, პედაგოგმა და სახელმწიფო მოღვაწემ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგორი მენქიუმ თანხმობა განაცხადა გახდეს ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პროფესორ გრეგორი მენქიუ ნეოკეინზიანური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მენქიუ არის ორი საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელოს - „მაკროეკონომიკისა“ და „ეკონომიკის პრინციპების“ ავტორი. „ეკონომიკის პრინციპები“ 7-ჯერ გამოიცა მსოფლიოს 20 ენაზე და დღეისთვის გაყიდულია 2 მილიონ ეგზემპლარზე მეტი. 

სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას პროფესორი გრეგორი მენქიუ წარმატებით უთავსებს აშშ-ს ეკონომიკური კვლევის ნაციონალური საბჭოს მონეტარული პროგრამის დირექტორის, ბოსტონისა და ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის, კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მრჩევლის თანამდებობებს. 2003-2005 წლებში მას ეკავა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) ადმინისტრაციაში. 

სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში გრეგორი მენქიუს გვარი მუდმივად ფიგურირებს მსოფლიოში ამჟამად მოღვაწე ყველაზე გავლენიანი ეკონომისტების პირველ ხუთეულში. საქართველოში, გამომცემლობა „დიოგენემ“ 2000-2008 წლებში ორჯერ გამოსცა გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სახელმძღვანელოს საფუძველზე ეკონომიკური თეორიის საგნის სწავლება 2002 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებას გამომცემლობასთან Cengage Learning EMEA გრეგორი მენქიუსა და მარკ ტეილორის სახელმძღვანელოს „ეკონომიკსი“ ქართულ ენაზე თარგმნისა და ელექტრონული ფორმით გამოცემის თაობაზე. 

პროფესორ გრეგორი მენქიუსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსუ ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ საერთაშორის პრესტიჟის და ცნობადობის კიდევ უფრო მეტ ამაღლებას. ეს ფაქტი, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და, ზოგადად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკური დისციპლონების სწავლების ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანის თვალსაზრისით.