Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი ფალელაშვილი

მარი ფალელაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა და მიღებულ ცოდნას საუნივერსიტეტო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში იყენებს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

„ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა მოლოდინი და ნდობაც გამიმართლა. ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე პროგრამაზე ჩაბარება და ამჟამად ბევრი მათგანი სწავლობს კიდეც. ვურჩიე, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნა-გამოცდილებას, გაიცნობენ საინტერესო ადამიანებს და ექნებათ რეალურად დასაქმების შესაძლებლობა იმ პროფესიაში, რომელიც ჩვენს საუკუნეში ნელ-ნელა უფრო მეტად აქტიურდება და მოთხოვნადი ხდება“, - განაცხადა მარი ფალელაშვილმა.

 

უნივერსიტეტში 2012 წლიდან სწავლობდა. 2012 წელს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამა დაასრულა, პარალელურად გაიარა ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის პროგრამა. 2016 წელს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთა არჩევანი. 2021 წელს კი სიახლეების ძიებაში ისევ თსუ-ში უკვე ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა.

 

„ღონისძიებების ორგანიზება ეს  ის საქმეა, რომელიც ძალიან პატარა ასაკში დავიწყე და შევიყვარე, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა პროფესიად მექცია. პანდემიის დროს, როცა  დროის თვალსაზრისით მქონდა შესაძლებლობა ახალი პროფესია მესწავლა,  პროფესიული განათლებით დავინტერესდი და ვნახე რა პროგრამებს მთავაზობდა სისტემა. სწორედ იქ აღმოვაჩინე პროგრამა „ღონისძიებების ორგანიზება“. ბევრი არ მიფიქრია, თავიდანვე ვიცოდი, რომ თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრს ავირჩევდი. რადგან საკმაოდ დიდი ნდობა და  მოლოდინი მქონდა“,  - ამბობს მარი.

 

პროფესიული პროგრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი დასაქმების კუთხითაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟირების შემდეგ მან შეთავაზება მიიღო. „ჩემი ახალი სამსახური სწორედ მას შემდეგ დავიწყე, რაც პროფესიული განათლების ცენტრში სწავლისას, ჩემმა ლექტორმა ნანა მამაგულიშვილმა პროგრამის სტუდენტებს მოგვცა საშუალება ერთ-ერთი საგნის ფარგლებში პრაქტიკულად გვეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ვსწავლობდით და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟირება შემოგვთავაზა. სტაჟირების დროს ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. უნდა ვთქვა, რომ  ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სწავლა-სწავლების პროცესში, რადგან ეს გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნად დამრჩა. სტაჟირების შემდეგ კი დეპარტამენტში სამსახური შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რადგან უნივერსიტეტში მუშაობა ძალიან დიდი ხანია მინდოდა“.

 

პროფესიულ პროგრამაზე სწავლისას მარი ფალელაშვილი სწავლების პრაქტიკულ მხარეს გამოყოფს და აღნიშნავს რომ ეს გამოცდილება ყველაზე მეტად წაადგა პროფესიაში. „პროგრამაზე  სწავლისას მყავდა ლექტორები, რომლებიც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით და თავის გამოცდილებას დაუნანებლად გვიზიარებდნენ. ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილების და ძალიან საინტერესო აქტივობებისთვის, რომელსაც ჩვენთვის გეგმავდნენ, ან ერთობლივად ვგეგმავდით. ღონისძიების ტექნიკური მხარე იყო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც გარდა ტექნიკური საჭიროებებისა, ტექნიკური უსაფრთხოების ნაწილიც ძალიან დეტალურად და საფუძვლიანად შევისწავლეთ, მას შემეგ სულ სხვა თვალით ვუყურებ და ვაფასებ ღონისძიებებს.  დიდი ცოდნა და გამოცდილება ჯეო ვოისის ხელმძღვანელმა კობა მათითაიშვილმა გაგვიზიარა“,-აღნიშნა მან და დასძინა-„გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ძალიან საინტერესო ადამიანები სწავლობდნენ ჩემს ჯგუფში, რომლებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე“.