მაგდა კურტანიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. მედიცინის სფეროში 13 წლიანი წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა. მისი არჩევანი პროფესიული პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ აღმოჩნდა. „თსუ-ში სწავლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია, რადგან, იყო თსუელი ნიშნავს იყო პროფესიონალი“, აღნიშნავს მაგდა კურტანიძე.
ამჟამად მაგდა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ეს მისი საყვარელი საქმეა. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებულ ცოდნას კი მომავალ საქმიანობას დაუკავშირებს. „მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია ვმუშაობ მედიცინის სფეროში და ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმეა, ყოველთვის ვფიქრობ თვითგანვითარებაზე. გადავწყვიტე შემესწავლა ღონისძიების ორგანიზატორის პროფესია. პროგრამის დასრულების შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ მივიღე ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში“,-განაცხადა მან.