წინამდებარე კრებულში ტრადიციისამებრ თავმოყრილია გასულ 2017 წელს - სტუდენტთა IX რეგიონთაშორისი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები. 189 შემოსული განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 12 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 62 მოხსენება. კონფერენციაზე შემოსულ და შერჩეულ მასალათა მრავალფეროვანი და მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე ჩამოყალიბდა 9 სხვადასხვა თემატიკის სამუშაო სექცია. კონფერენციის მუშაობის დროს თითოეულ სექცაზე მოხსენებების წარმოდგენის შედეგად სექციის ხელმძღვანელების მიერ გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ერთ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა კონფერენციაზე გამოგზავნილ და შერჩეულ მასალებზე; წარმოდგენილი მოხსენებების გადარჩევის შედეგად, ნაშრომებში წარმოჩენილი კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით წარმოდგენილ მასალათა შორის შერჩეულ იქნა მოხსენებები, რომლებიც მომზადდებოდა „მერმისის“ ახალ კრებულში დასაბეჭდად. სწორედ ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები აისახა „მერმისის“ წინამდებარე კრებულში, შეირჩა რა 14 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან. კრებულის სპეციფიკისა და ჩვენი სამუშაო გეგმის გათვალისწინებით ამჯერადაც კრებულის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ ჩვენი,ყოველი წლევანდელი აქტივობა - კრებულიდან დაწყებული, კონფერენციითა და სხვა ღონისძიებებით გაგრძელებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის უიბილეს ეძღვნება. ამ თარიღთან მიმართებაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფისათვის და ჩვენი პროექტისათვის - „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ იმთავითვე აღიარებულ მთავარ სამუშაო პრინციპების და იდეის განხორციელებას: აკადემიურობას, ინტეგრირებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან. ამ პრიციპთა და ტრადიციათა კვალობაზე „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია.