წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სტუდენტთა VIII რეგიონთაშორისი კონფერენციის (2016 წელი) ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები. 200-ზე მეტი შემოსული განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 16 სხვადასხვა
უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 83 მოხსენება. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალების მრავალფეროვნების, მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე მუშაობდა 9 სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო თემატიკის სექცია. წარმოდგენილ მასალათა შორის ნაშრომების კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ კონფერენციაზე, სექციური მუშაობისას, გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ერთ ნაწილს.
შემდგომ, სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა შერჩეულ და გამოგზავნილ მასალებზე. სწორედ ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები აისახა „მერმისის“ ამ ახალ კრებულში და შეირჩა 25 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან. საორგანიზაციო ჯგუფისათვის კვლავ რჩება მთავარ სამუშაო პრინციპად ჩვენი პროექტის: „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ძირითადი იდეის განხორციელება: ინტეგრირება და თანამშრომლობა სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან. ტრადიციისამებრ, „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია.