ამ წიგნის მიზანია, გაგაცნოთ საქართველო, მისი ისტორია და ტერიტორია, კულტურა და პოლიტიკური სიტუაცია. არაერთი წიგნი დაიწერა და დაიბეჭდა საქართველოს შესახებ ევროპულ ენებზე, მაგრამ ისინი, განსხვავებით ამ ნაშრომისგან, მეტწილად განკუთვნილი იყო ერუდიტებისა და მეცნიერებისთვის და არა ფართო მასებისთვის. ევროპულ პრესაში დროდადრო ქვეყნდება სტატიები და ინფორმაცია საქართველოს შესახებ, მაგრამ ისინი უმეტესად აღწერენ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას სსრკ-ის ჯარების მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციიდან დღემდე. ევროპული საზოგადოების ფართო მასებისათვის საქართველო, როგორც ეროვნული სუბიექტი, ნაკლებადაა ცნობილი. ამ ნაკლოვანების შესავსებად გვსურს, გავუადვილოთ მკითხველს შრომა და გთავაზობთ მარტივად და მოკლედ შედგენილ ტექსტს, სადაც აღწერილია ჩვენი ქვეყნის განვითარების ეტაპები ისტორიულ ჭრილში ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე. ჩვენ გვსურს, გაგაცნოთ ნამდვილი საქართველო, დავხატოთ მისი ობიექტური და სრულყოფილი სახე.