კუკური თავართქილაძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1935
კუკური თავართქილაძე დაიბადა 1935 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ატომური ენერგიის სპეციალობით . 1956-1971 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კლიმატოლოგიის განყოფილებაში; 1965 წელს იმავე ინსტიტუტში ჩამოაყალიბა რადიაციუი გამოკვლევების სექტორი, რომელსაც ხელმძღვანელობდა; ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ამიერკავკასიის მთიან პირობებში ეფექტური გამოსხივების გამოთვლის შესახებ". 1971-2009 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, როგორც უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; იყო კლიმატის ცვლილების ლაბორატორიის გამგე, ასევე კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგე; 1979 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კლიმატის ცვალებადობის შემსწავლელ ლაბორატორიას, რომელიც შემდეგში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიად გარდაიქმნა. 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:“ რადიაციის აეროზოლური შესუსტების მოდელირება და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის მეთოდები". კუკური თავართქილაძე ეწეოდა აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.