ნოშრევან ჯიშკარიანი
მეცნიერი
დაბადების თარიღი 1953
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1975-1977 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში ("მაცნე", "მოამბე", "ლიტერატურათმცოდნეობა") და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე; ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. წერდა ლექსებს სასკოლო ასაკიდან. იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია". დაიცვა 1982 წელს.