არჩილ ჯანაშვილი
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1904
1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ბუნებისმეტყველების სპეციალობით.
1926 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე. 1939-1944 წლებში იყო თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე. 1946-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ზოოპარკში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, გორის, ქუთაისის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1968-1975 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოში ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ამფიბიები; მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართული ზოოლოგიური ტერმინოლოგიის შედგენაში, პირველად ქართულ ენაზე ამ დარგში შეადგინა სახელმძღვანელოები; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი "ცხოველთა სამყაროს" მრავალტომეულის III ტომი; იყო გამოჩენილი პოპულარიზატორიც; ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა ("სახალისო ბიოლოგია", "სისხლიანი ცრემლები" და სხვა).