იოსებ ნონეშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1920
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. 1947-50 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", ხოლო 1963-1966 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს ჟურნალ "ჩვენს თაობაში". 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: "ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია", "შემოდგომა თბილისში", "ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.