„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2026 წლის 6 მაისის N 9939/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 14 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 7 ივლისისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე:
ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომლი თანამდებობაზე (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.
ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული;
7. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია