"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.
2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":
ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;
ბ) III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;
გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;
დ) III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:
1) ქართული სამართლის ისტორია;
2) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3) კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4) შესავალი სამართალმცოდნეობაში.
ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;
3. ყოფილი შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი"-დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ-ის პროგრამის მოთხოვნები; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;
4. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ-ის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი