საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 ივლისის №16440/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში:
ა) დადგენილების №1 დანართის -
ა.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები
1. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
2. უნივერსიტეტის პროფესორად:
ა) 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები;
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).
3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
5. უნივერსიტეტში ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
6. პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომლითაც ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ასეთ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
7. უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.“;
ა.ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიით:
,,1. წამყვანი პროფესორის, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ–პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. ერთიდაიგივე მიმართულების აკადემიური პერსონალის ასარჩევად კონკურსი წამყვანი პროფესორის, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება და ტარდება სხვა აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოსაცხადებელი (ჩასატარებელი) კონკურსებისაგან დამოუკიდებლად.“;
ა.გ) მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
“11. ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორის ვაკანტურ პოზიციათა რაოდენობას შეიმუშავებს ფაკულტეტის დეკანი, კათედრების/მიმართულებების, ინსტიტუტების, დეპარტამენტების რაოდენობის, შინაარსობრივი სპეციფიკის, ასევე სხვა საჭიროების გათვალისწინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორსა და კანცლერს.”;
ბ) დადგენილების №3 დანართის (კონკურსანტის ანკეტა):
ბ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტს (,,საკონკურსო პოზიცია“) დაემატოს კომპონენტი ,,წამყვანი პროფესორი“;
ბ.ბ) 3.10 ქვეპუნქტის სქოლიო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 სამეცნიერო კვლევების კონცეფციის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ წამყვანი პროფესორის, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ასისტენტ–პროფესორები და ასისტენტები წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს.“;
გ) დადგენილების №4 დანართის (კონკურსანტის შეფასების ფორმა):
გ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტს (,,საკონკურსო პოზიცია“) დაემატოს კომპონენტი - ,,წამყვანი პროფესორი“;
გ.ბ) 3.10 ქვეპუნქტის სქოლიო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 სამეცნიერო კვლევების კონცეფციის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ წამყვანი პროფესორის, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ასისტენტ–პროფესორები და ასისტენტები წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს.“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე