Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას შეხვედრა თსუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ  ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად თსუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ერთად  ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობასა და მისი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გაძლიერება და მისი აქტიური ფუნქციონირება, არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, სახელმწიფო ინტერესიც არის. „ის გამოცემები, რომელიც ამ ცენტრში მომზადდა, აფხაზური ენის სწავლება, აფხაზურენოვანი ინტერნეტ-რადიო და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ ცენტრში ხორციელდება, არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე. მზად ვარ, დაგეხმაროთ ყველანაირად, მათ შორის დონორების მოძიებაში, რათა ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ჩვენ, ჩვენი საქმიანობით უნდა შევუწყოთ ხელი ურთიერთობების აღდგენას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ზურაბ შენგელიას თქმით, ცენტრი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ფორმით 15 წელია არსებობს, რომლის მიზანია ქართულ-აფხაზურ პრობლემათა შესწავლა და კვლევა, ასევე, აფხაზური ზეპირმეტყველების სწავლა-სწავლება.

 

შეხვედრაზე აფხაზური ენის სწავლების განვითარებაზე და ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა აფხაზეთის შესახებ ბროშურის გამოცემა, არსებული გამოცემების ციფრული ვერსიების მომზადება, თურქეთში ქართველი და აფხაზი სტუდენტების შეხვედრის და ერთობლივი ღონისძიების ორგანიზება.

თარიღი: 28/04/2025