თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “თამარის ეპოქა” წაიკითხა. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის “ქართული თვითმყოფადობა” ფარგლებში ჩატარდა.
საჯარო ლექციათა ციკლი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები კითხულობენ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექციებს ისტორიის იმ მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.
პროექტს „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია ახორციელებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მონარქის - თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თსუ რექტორმა ყურადღება გაამახვილა თამარის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მეც ვარ ჩართული. ლექციათა ციკლის ფარგლებში, არაერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს აინტერესებთ თამარის ეპოქა და იმ პერიოდის მოვლენები“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
საჯარო ლექციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ჯაბა სამუშიას ლექცია - „თამარის ეპოქა“ - ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.