თსუ-ში გაიმართა იასის პეტრე ანდრეის (რუმინეთი) უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალის POLIS-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია. გამოცემა მთლიანად საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიას, კულტურასა და მეცნიერებას ეძღვნება.
თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის ხორციელდება რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში შეიტანა საქართველოს ელჩმა რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილმა, რომლის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ქართულ-რუმინული აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.
„იასის პეტრე ანდრეის სახელობის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც მთლიანად საქართველოს ისტორიას, კულტურასა და პოლიტიკას ეძღვნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ POLIS-ში განხილულ თემებზე მოსაზრებების გაცვლა, არამედ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარება,“ - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა სორინ ბოკანჩამ.
ჟურნალის ავტორებს შორის არიან თსუ პროფესორები და მკვლევრები, რომელთა ნაშრომები რუმინულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის მრავალფეროვან ტრადიციებს აცნობს.