Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“  გაიმართა. ფესტივალის მიზანი  მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება იყო. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინიტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც ახალმა თაობამ მეცნიერული ცოდნა უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ის ქვეყნები, რომელთაც დიდი რესურსები ჩადეს მეცნიერებაში, დღეს მყარად დგანან ფეხზე. სამეცნიერო ფესტივალები ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას. ასობით ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლე გაეცნო თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დაინტერესდა სხვადასხვა სახის ცდებით. იმედია, მათ გავუღვივეთ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

„მეცნიერების პოპულარიზაცია გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმის ქვაკუთხედი, ახალი თაობის შესვლა მეცნიერებაში ჩვენთვის გამოწვევაა. ძალიან გვინდა, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ამოცანა გადავჭრათ და მეტი ასეთი პროექტი დავაფინანსოთ, რაზეც გამუდმებით მუშაობს სამინისტრო,“- აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

 

თსუ მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ თსუ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაცნობოდნენ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოესმინათ თემატური ლექციებისთვის.

 

ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები: ირაკლი ჩიტაია, გიორგი თუთბერიძე, მაია გაიოზიშვილი, გიორგი ჯიბუტი, გიორგი გაფრინდაშვილი.

 

10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

თარიღი: 10/11/2025