თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის (Beijing Foreign Studies University – BFSU) დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც უნივერსიტეტებს შორის აკადემიური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ჩინურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ჭაო კანგი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ აზიის კვლევების სკოლის დეკანი სუ ინინიგი და ქართული ენის ბაკალავრიატის პროგრამის დირექტორი იუენ პო.
მემორანდუმის ფარგლებში, თსუ და BFSU შეთანხმდნენ ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებაზე, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ასევე ერთობლივ სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობაზე.
შეხვედრისას აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თსუ-ს კურსდამთავრებულები დღეს განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას. თსუ არის ადგილი, სადაც ენები არა მხოლოდ სასწავლო დისციპლინა, არამედ ხიდია ხალხებს შორის. „მოხარული ვარ, რომ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მისწრაფებას და ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას,“ - აღნიშნა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
„პეკინის უნივერსიტეტში ქართული ენის მიმართულების გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენების, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის ინსტრუმენტის, მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, უცხო ენების სწავლა კვლავაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენი სტუდენტები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ თსუ-ში, რაც მათთვის დიდ შესაძლებლობას ქმნის,“ - აღნიშნა პროფესორმა ჭაო კანგმა.
პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტი 1941 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან სასწავლო და კვლევით ცენტრად მიიჩნევა უცხო ენების მიმართულებით. უნივერსიტეტში ისწავლება 67-ზე მეტი უცხო ენა, მათ შორის ქართული, რომლის ბაკალავრიატის პროგრამა 2015 წელს დაფუძნდა და ამჟამად 14 სტუდენტს აერთიანებს. პროგრამის სწავლების პროცესში ჩართულია ქართველი ლექტორი - თსუ-ს კურსდამთავრებული.