ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, პროგრამის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის რეესტრის მწარმოებელმა მენეჯერმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კულტურის კვლევების დოქტორანტმა ნინო გოგიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული გალობა როგორც მეხსიერების არე“, რომელიც მიეძღვნა ქართულ გალობას, როგორც ეროვნული და სულიერი მეხსიერების მნიშვნელოვან არეს. ნინო გოგიაშვილმა ისაუბრა ქართული გალობის მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში, ასევე ქართული გალობის აღორძინების პროცესზე XX საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით ილია II-ს აღსაყდრების შემდგომ პერიოდში. ლექციაზე ხაზგასმით აღნინიშნა ქართული გალობის მოამაგეების ღვაწლი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ფილიმონ ქორიძესა და ექვთიმე კერესელიძეს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „იალონი“, რომელმაც შეასრულა ქართული საგალობლებისა და ტრადიციული მუსიკის ნიმუშები, რითაც მსმენელს საშუალება მისცა უშუალოდ შეხებოდა იმ ცოცხალ მემკვიდრეობას, რომელიც ქართული გალობის მოამაგეებმა შემოუნახეს თაობებს.
საღამოზე ასევე გაიმართა ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელის ნინო ნანეიშვილის წიგნის „წერილს გწერ ბებიას“ პრეზენტაცია. გამოცემა აერთიანებს ოჯახური მეხსიერების, თაობათა კავშირისა და ტრადიციების გადაცემის თემებს.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი იყო ქართული გალობის, როგორც კულტურული მეხსიერების უნიკალური ფორმის, გააზრება და იმ ადამიანების ღვაწლის წარმოჩენა, რომლებმაც ეს ტრადიცია შემოგვინახეს და მომავალ თაობებს გადასცეს.